იტალიის დედაქალაქი რომი, კრაზანების, თაგვებისა და გველების მომრავლების გამო "ნამდვილ ჯუნგლებად" იქცა - ამის შესახებ The Guardian-ი წერს. გამოცემა აქვეყნებს ინტერვიუს იტალიელ ექსპერტ ანდრეა ლუნერტისთან, რომელიც მავნებლების კონტროლის მიმართულებით მუშაობს. ექსპერტი პრობლემის გამწვავებას თბილ ზამთარს და ნარჩენების სიმრავლეს უკავშირებს.
ლუნერტი აღნიშნავს, რომ ამ ზაფხულს "წაილეკა" ზარებით მავნებლების, განსაკუთრებით, ქვეწარმავლების შესახებ.
"დღეს რომში გაცილებით მეტი გველია, ვიდრე ადრე იყო. მაღალი ტემპერატურის გამო, ზამთარში გველების პოპულაცია გაიზარდა. სიცივეში ისინი ვერ გადარჩებოდნენ. შემდეგ, გველებმა თავიანთი ბუნებრივი გარემოდან ქალაქში გადაინაცვლეს, რადგან იქ საკვების ნარჩენი მეტია, ხოლო სადაც მეტი საკვების ნარჩენია, იქ ვირთხებიც მეტნი არიან - ისინი კი გველების საკვების ძირითად წყაროს წარმოადგენენ," - განაცხადა ექსპერტმა.
ლუნეტი ამბობს, რომ რომში გველს შეიძლება გადააწყდეთ ტერასებზე, ბაღებში, სკოლის შენობებში. მისივე თქმით, ერთხელ გველი ლიფტში, ცხაურზე ჩამოკიდებულიც კი იპოვეს, რამაც ძლიერი პანიკა გამოიწვია.
ექსპერტი მომხმარებლებს, რომლებიც დახმარებისთვის მიმართავენ, სთხოვს გველს ვიდეო გადაუღონ, რათა დადგინდეს, შხამიანია თუ არა ის. მისივე თქმით, არაშხამიანი გველიც კი მოქალაქეებში დიდ პანიკასა და ქაოსს იწვევს.
გამოცემის ინფორმაციით, რომში ნარჩენების მართვის კრიზისია, რაც ვირთხების, გველების, კრაზანებისა და თოლიების რაოდენობას ზრდის.
Oriental hornet-ი კრაზანისებრთა სახეობას მიეკუთვნება, რომელიც ჩრდილოეთ აფრიკიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან მიგრირდა და რომში 2021 წელს დამკვიდრდა. მათ მალევე დაიწყეს ბუდეების გაკეთება ფანჯრის კუთხეებში, ჟალუზებში, სავენტილაციო ხვრელებში, კონდიციონერებსა და უძველესი ძეგლების ნაპრალებშიც კი.
ექსპერტი მათ გავრცელებასაც მაღალ ტემპერატურასა და ნაგავს უკავშირებს.
"რომს ნამდვილად სჭირდება ნარჩენების მართვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, კიდევ უფრო მეტ ვირთხას, გველს და კრაზანას ვიხილავთ, რომ არაფერი ვთქვათ თოლიებზე, რომლებიც რომში გაცილებით მეტია, ვიდრე ფრეგენში [მახლობლად მდებარე სანაპირო ქალაქი]," - აღნიშნავს ლუნერტი.
ადგილობრივი ხელისუფლება პრობლემის სიმწვავეს უარყოფს და აცხადებს, რომ მდგომარეობა საგანგაშო არ არის. ისინი ასევე უარყოფენ კავშირს ნაგავსა და გველების მომრავლებას შორის. რომის საბჭო აცხადებს, რომ ქალაქმა ნარჩენების მართვის კუთხით დიდი პროგრესი განიცადა და დღეს ქალაქი "ისეთი სუფთაა, როგორც არასდროს ყოფილა".
წყარო: The Guardian