უკრაინა რუსეთის რეგიონის მართვას იწყებს. კურსკის ოლქში კომენდატურას გენერალი მასკალიოვი უხელმძღვანელებს. მოსკოვი და მინსკი კი კიევს თხოვნით მიმართავს - მოსკოვი უკრაინას ტყვედ ჩავარდნილი სამხედროების დაბრუნებას, მინსკი კი ომის შეწყვეტას სთხოვს.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლეთს შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მიწოდებას სთხოვს. აშშ-ში უკრაინისთვის "ჯესსემის" ტიპის ფრთოსანი რაკეტების გაგზავნას განიხილავენ და სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამტკიცებენ. ამის ფონზე, ევროპაში ნატო-ს შეიარაღებული ძალების მეთაური ამბობს, რომ რუსეთი უკრაინელების დასახვედრად მზად არ იყო.
რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა უკრაინული ჯარის შემოსვლისთვის მზად არ ყოფილა. ამას ისიც მოწმობს, რომ უკრაინის ფრონტიდან სამხედროებს სასწრაფო წესით რუსეთში აგზავნიან. მობილიზაციაში წვევამდელებიც ჩართეს.
რუსეთის სამ რეგიონში ახლა უმართავი სიტუაციაა - კურსკის, ბრიანსკის და ბელგოროდის ოლქებში საგანგებო მდგომარეობის სხვადასხვა რეჟიმებია ამოქმედებული. კონფლიქტის ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია სავალდებულო წესით მიმდინარეობს. დევნილები ქვეყნის თერთმეტ რეგიონში გახსნილ ლტოლვილთა ბანაკებში გადაიყვანეს.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე