24 ნოემბერი 2024,   12:41
ვრცლად
საქართველოს საერთაშორისო რეიტინგებში დაწინაურება გრძელდება - ქვეყანა გამოხატვის თავისუფლების ინდექსით 50 საუკეთესო ქვეყანას შორისაა

საქართველო გამოხატვის თავისუფლების ინდექსით საუკეთესო ქვეყნებს შორისაა. ინფორმაცია "გლობალური ცვლილებების მონაცემთა ლაბორატორიამ", ოქსფორდის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით გამოაქვეყნა. დასკვნაში წერია, რომ 11 წლიანი პროგრესით, ქვეყანამ 50 საუკეთესოს შორის მე-9 ადგილი დაიკავა. შეფასების 100%-იანი სისტემით საქართველოს 84,9% აქვს. რეიტინგის მიხედვით უსწრებს როგორც ევროკავშირისა და ნატოს წევრ 13 სახელმწიფოს, ასევე კანდიდატ ყველა ქვეყანას.

ახალი მონაცემების მიხედვით, სარეიტინგო პოზიცია საქართველომ ბოლო 11 წელიწადში, 64 ადგილით გაიუმჯობესა. ამავე კვლევით, ქვეყანა 2012 წელს მსოფლიოში 108-ე პოზიციაზე იყო. მიუკერძოებელი საერთაშორისო შემფასებლების დასკვნაში საქართველოს დაწინაურება, ოპოზიციის ნაწილისთვის დამაჯერებელი არაა.

საპარლამენტო უმრავლესობიდან დღეს ოპონენტებს, ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული, სხვა კვლევებიც შეახსენეს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ საქართველოს პროგრესი ყველა მიმართულებით აღიარებულია, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლების კუთხით.

ინდექსის ავტორი ორგანიზაცია ერთ-ერთია იმ კვლევით პროექტებს შორის, რასაც მსოფლიოს ბანკის "გლობალური მმართველობის ინდიკატორები" და ატლანტიკური საბჭოს "თავისუფლების ინდექსი" ეფუძნება. პროექტის შემუშავების პროცესში 5 მთავარი გამომძიებელი, 130-ზე მეტი კოორდინატორი, 4000-მდე ექსპერტი და 30-ზე მეტი რეგიონული მენეჯერი იყო ჩართული.

 

დღის ამბები