24 ნოემბერი 2024,   12:47
ვრცლად
რა კავშირშია არჩევნები დანიური დაფინანსებით გამართულ "დემოკრატიის ფესტივალთან" - "ოცნება" ოპოზიციის საარჩევნო აგიტაციის უცხოურ დაფინანსებაზე საუბრობს

აწყობს თუ არა ოპოზიცია ამომრჩევლებთან შეხვედრებს უცხოელი დონორის ფულით - მმართველი პარტია ამ ფაქტის აღიარებად ოპოზიციის იმ განცხადებას აფასებს, რომელიც ბათუმში "დემოკრატიის ფესტივალის" გაუქმებას მოჰყვა. "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, ლაშა ბაქრაძემ ღონისძიების ჩაშლა პირდაპირ საარჩევნო პროცესს დაუკავშირა. რა კავშირშია არჩევნები დანიური დაფინანსებით გამართულ ღონისძიებებთან? - უმრავლესობის წევრებს თქმით, ოპონენტები უკვე თავად ადასტურებენ, რომ დემოკრატიის ფესტივალის სახელით და უცხოური ფულით, ისინი წინასაარჩევნო კამპანიას ატარებენ.

დანიური ფონდის დაფინანსებული ფესტივალის ჩაშლის შესახებ ინფორმაცია თავად ორგანიზატორებმა გაავრცელეს. "მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი" წერს, რომ ღონისძიების გაუქმების მიზეზი ორგანიზაციული მხარეა, რომელზეც გავლენა ხელისუფლების ნეგატიურმა კამპანიამ იქონია. ამაზე საუბრობს არასამთავრობო ორგანიზაციის ყოფილი წარმომადგენელიც, რომელიც ახლა "ლელოს" კოალიციაშია.

როგორც მმართველ პარტიაში აცხადებენ, ფესტივალის ორგანიზატორებისა და მონაწილეების სურვილი, რომ ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანია კარგად შეინიღბოს, უკვე გამოაშკარავებულია. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მათი ოპონენტები აბსურდული ბრალდებებით ცდილობენ გადაფარონ აღიარება, რომ ღონისძიება უცხოური ფულით დაფინანსებული ოპოზიციის საარჩევნო აგიტაციაა.

ფესტივალის მონაწილე ყველა ოპოზიციური პარტია ადასტურებს, რომ ღონისძიება მათთვის ამომრჩეველთან პირდაპირი კომუნიკაციის და საარჩევნო გეგმების წარდგენის კარგი შესაძლებლობა იყო. ხელისუფლების ოპონენტები პრობლემას ვერც უცხოური დაფინანსებით წინასაარჩევნო აგიტაციაში და ვერც ამ შეხვედრებზე მიხეილ სააკაშვილის ბანერების განთავსებაში ხედავენ.

"ქართული ოცნების" შეფასებით, დანიური მხარე დემოკრატიის ფესტივალის დაფინანსებით სწორედ საარჩევნო პროცესებში ერევა, რაც, მათივე თქმით, კანონმდებლობის უხეში დარღვევაა. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ღონისძიების მიზანი ყველასთვის ნათელია და ამიტომ, მისი გაუქმების მიზეზიც ლოგიკურია.

"დემოკრატიის ფესტივალის" დასკვნითი ღონისძიება ბათუმის ნაცვლად თბილისში დაანონსდა. ღონისძიების დონორი დანიის "პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტია", რომელიც, თავის მხრივ, დანიის პარლამენტმა დააფუძნა. რატომ აფინანსებს დანიური მხარე ოპოზიციური პარტიების პოლიტიკურ აქტივობას და საარჩევნო აგიტაციას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნასაც აყენებს - "კურიერის" კითხვებზე დანიის საელჩო განმარტებებს ისევ არ აკეთებს. მორიგი მიმართვაც უპასუხოდ დარჩა.

დღის ამბები