24 ნოემბერი 2024,   12:42
ვრცლად
"ქართული ოცნება" სააკაშვილის გუნდს საჯარო გასამართლებას ჰპირდება - რატომ მოაწერა "ნაცმოძრაობამ" ხელი ტალიავინის დასკვნას

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერისთვის აგვისტოს ომის მოვლენებში ყოფილი ხელისუფლების დანაშაულის გამოძიება საკვანძო სახელმწიფოებრივი საკითხია. მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ოპოზიციას რაც არ მოსწონს, ყველაფერს რუსულს უწოდებს და მათთვის ეს გამოძიებაც ისეთივე რუსულია, როგორი რუსულიც "გამჭვირვალობის კანონი".

ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ბრალდებებს არ იღებენ. "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ აგვისტოს ომში მაშინდელი ხელისუფლების დადანაშაულება ქვეყნის ინტერესებს აზიანებს, ამის მტკიცებულებად კი, გაეროში რუსეთის წარმომადგენლის განცხადება მოჰყავთ. თუმცა, ყოფილ სახელისუფლებო ძალაში დღეს კიდევ ერთხელ მოუწიათ იმის განმარტებაც, რატომ დაუჭირეს მხარი ევროსაბჭოს იმ რეზოლუციას, სადაც ომის დანაშაული ქართველ ჯარისკაცებს დაჰბრალდათ.

"ნაციონალური მოძრაობის" მიერ დასახელებული არგუმენტები მმართველი პარტიისთვის ვერ ამსუბუქებს იმ დანაშაულს, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ევროსაბჭოს რეზოლუციას მხარი დაუჭირეს. რეზოლუციის გარდა, "ქართული ოცნების" წევრების შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობისთვის" განაჩენის ტოლფასია ჰაიდი ტალიავინის დასკვნაც. დოკუმენტის მომზადების დროს მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები დათანხმდნენ ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც "რუსეთის სამხედრო ინტერვენცია საპასუხო" ქმედება იყო. მმართველი პარტიაში "ნაციონალური მოძრაობის" ქმედებებს მოღალატეობრივს უწოდებენ.

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური პარტნიორებისთვის 2008 წლის ომის გამოძიება მინიმუმ 16 წლის წინ დასრულებული პროცესია. ამბობენ, რომ ამ თემაზე საერთაშორისო საზოგადოებაც ჩამოყალიბებულია და ყოფილი ხელისუფლების წევრების და თანამოაზრეების გასამართლებას ეწინააღმდეგებიან.

"ნაციონალური მოძრაობის" გასამართლება პრინციპული საკითხია სახელისუფლებო გუნდისთვის. "ქართული ოცნების" ლიდერების შეფასებით, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ღალატის უტყუარ მტკიცებულებებად მხოლოდ ევროსაბჭოს რეზოლუცია და ტალიავინის დასკვნაც საკმარისი იქნება.

"ნაციონალური მოძრაობის" გასამართლების საკითხზე მმართველი გუნდი პოლიტსაბჭოს ვრცელ წერილშიც საუბრობს და ამბობს, რომ დამნაშავეებმა კონსტიტუციის და კანონის მთელი სიმკაცრით უნდა აგონ პასუხი.

დღის ამბები