ქართველმა ოლიმპიელებმა ქართული სპორტის ისტორიაში კიდევ ერთი ფურცელი დაწერეს. ძალოსნობა, ძიუდო და კრივი - სპორტის სამი სახეობა, სადაც ოლიმპიურმა გუნდმა ყველაზე დიდ შედეგს მიაღწია და არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი მსოფლიო კიდევ ერთხელ აალაპარაკა.
ოლიმპიური ვერცხლის მფლობელს ილია სულამანიძეს, მშობლიურ ქალაქში, ტყიბულში, დახვედრის საზეიმო ცერემონია დღეს მოუწყვეს. მადლობის სათქმელად გულშემატკივარი ქალაქის სპორტის სასახლეში შეიკრიბა.
ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონობის ტიტული მოიპოვეს და ვერცხლის მედლის მფლობელები არიან ტატო გრიგალაშვილი და გივი მაჭარაშვილიც. მათ სახელმწიფოსგან ნახევარი მილიონი ლარი გადაეცემათ.
ქართველების გამოსვლა პარიზის ოლიმპიადაზე შედგა. ეს უდავოა. სპორტსმენები საზაფხულო თამაშებზე დამაჯერებლად წარდგნენ და ქვეყანას არაერთი მედალი მოუპოვეს. საქართველოს ანგარიშზე სამი ოქროს მედალია. ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ ლაშა ტალახაძე, ლაშა ბექაური და გენო პეტრიაშვილი. სახელმწიფო მათ დამსახურებულ ჯილდოს, მილიონი ლარის სახით გადასცემს.
საქართველოს ანგარიშზე კიდევ ერთი, ბრინჯაოს სინჯის მედალია. ამ მასშტაბის წარმატება კრივში ქვეყანას 24 წლის შემდეგ პირველად, ლაშა გურულმა მოუტანა. ქართველ სპორტსმენს მიღწეული წარმატებისთვის 250 000 ლარი გადაეცემა. ქვეყნის სახელით ოლიმპიადაზე 28 სპორტსმენი ასპარეზობდა. სულ ახლახანს კი, ცნობილი გახდა, რომ ყველა მათგანი სახელმწიფოსგან 50 000 ლარიან ჯილდოს მიიღებს.
ოლიმპიური მედლის თუ ჩემპიონი სპორტსმენების უკან არაერთი ადამიანი დგას. მათ შორის არიან მწვრთნელები და ექიმები. ისინი, ვისი როლიც სპორტსმენების შემდეგ ყველაზე მეტად დასაფასებელია. დაანონსდა ისიც, რომ ეს ადამიანები გაზრდილ პრემიებს მიიღებენ.
2024 წლის პარიზის ოლიმპიადა დასრულებულია, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი კი, მომავალი საზაფხულო თამაშებისთვის მზადებას იწყებს - კიდევ უფრო მეტი წარმატების მოლოდინით.
ჩვემა გუნდმა ოლიმპიადაზე საუკეთესო შედეგის ჩვენებით შესაბამისი პოზიციაც დაიკავა. სამი ოქროს, სამი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მოპოვებით საქართველო მსოფლიოს 206 ქვეყანას შორის 24 პოზიციაზეა.