24 ნოემბერი 2024,   14:31
ვრცლად
ხელიდან არ გავუშვებთ არცერთ შანსს, რომ ღონისძიებებზე მოხდეს იმ პრობლემების აქტუალიზაცია, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენთვის, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის საკითხი - დავით კირკიტაძე

"დემოკრატიის ფესტივალთან" დაკავშირებით, ოპოზიციურ სპექტრში შეფასებები კეთდება. "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, ყველა ღონისძიებასა და პლატფორმას გამოიყენებენ იმისთვის, რომ მათთვის აქტუალური საკითხები, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი აქტიურად იყოს განხილული.

"აუცილებლად მივიღებთ ყველა ღონისძიებაში მონაწილეობას. ხელიდან არ გავუშვებთ არცერთ შანსს, რომ მსგავს ღონისძიებებზე მოხდეს იმ პრობლემების აქტუალიზაცია, რომელიც არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის საკითხი, იმიტომ, რომ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ჩვენი ქვეყნისთვის," - განაცხადა ენმ-ის წევრმა, დავით კირკიტაძემ.

რაც შეეხება სხვა პარტიებს; ისინი აცხადებენ, რომ აღნიშნული ღონისძიება იყოს შესაძლებლობა საკუთარი პარტიის გეგმებსა და სტრატეგიებზე ესაუბრათ ამომრჩევლებთან.

"დემფესტის" შინაარსი არის, რომ კარვები ეწყობა, სადაც სხვადასხვა პარტია მიდის. თითოეული პარტიისთვის არის გამოყოფილი კარავი, ყველას მიაქვს საკუთარი პრო-მასალები. მოქალაქეები თითოეულ რეგიონში მოდიან და ეცნობიან, თითოეულ პარტიას რა პროგრამა აქვს. მთელი შინაარსი ეგ არის. "ნაციონალურ მოძრაობას" უნდა, რომ გარდა პრო-მასალებისა, ასევე, გაჭიმოს სააკაშვილის ბანერი. მიდის ხალხი, ვისაც ეგ აინტერესებს და ნახულობს. შეუთავსებელი რა არის?! - რაში იხარჯება და მაგაში იხარჯება, რომ თითოეულ პარტიას ჰქონდეს საშუალება, რომ თითოეულ რეგიონში ჩავიდეს და ადგილობრივ მოქალაქეებს საკუთარი პროგრამა გააცნოს," - აღნიშნა "კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროას" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ.

"ლელოში" კი კონკრეტული პარტიის მიერ ღონისძიებაზე კონკრეტული ბანერის გამოყენებაში პრობლემას ვერ ხედავენ.

"ქართული ოცნება" დემოკრატიის არსს ვერ ხვდება და არის მუდმივად დაკავებული ჩვენი პარტნიორებისა და ოპოზიციის დისკრედიტაციით. ყველა პარტიას შეუძლია, საკუთარ სივრცეში განათავსოს ის მოთხოვნები, რომელიც მას მიაჩნია მნიშვნელოვნად და ეს არის სწორედ დემოკრატია. ამიტომაც, აქ ჩვენ პრობლემას ვერ ვხედავთ," - აღნიშნა "ლელოს" წევრმა, ლანა გალდავამ.

თავის მხრივ, "ქართული ოცნების" ლიდერები დანიის საელჩოსგან ისევ ელოდებიან განმარტებას, რატომ აღმოჩნდა მათ მიერ დაფინანსებულ შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილის ბანერი. საუბარია რეგიონებში გამართულ შეხვედრებზე, რომელიც საელჩომ დააფინანსა და რომელიც "ოცნებამ" ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიად შეაფასა. ღონისძიებაზე სახელწოდებით "დემოკრატიის ფესტივალი," რომელიც თელავში გაიმართა, მიხეილ სააკაშვილის ბანერები გამოფინეს და მისი გათავისუფლება კიდევ ერთხელ მოითხოვეს. სახელისუფლებო გუნდის შეფასებით, მსგავსი ფაქტები აჩვენებს, თუ რაში იხარჯება უცხოური დონორების ფინანსები. კომენტარი დანიის საელჩოს არც "კურიერის" წერილის საპასუხოდ გაუკეთებია.

 

 

დღის ამბები