26 ნოემბერი 2024,   00:43
ვრცლად
ველი, რომ იქნება ძალიან საინტერესო დისკუსია და მიხარია, რომ კიდევ ერთხელ მაქვს შესაძლებლობა, მონაწილეობა მივიღო ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ბრიუსელში შეხვედრებს იწყებს - ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში ნახევარ საათში პარლამენტის სპიკერის, შალვა პაპუაშვილისა და ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის, მირჩა ჯოანის ორმხრივი მოლაპარაკება დაიწყება. მთავარი თემები ნატო-საქართველოს ურთიერთობები და უსაფრთხოების გამოწვევები იქნება.

დღესვე გაიმართება ელჩების დონეზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა. "არსებული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს სჭირდება ნატო-ში გაწევრიანება და ქვეყანა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსიდან შემხვედრი ნაბიჯების მოლოდინშია," - ამბობენ საპარლამენტო დელეგაციაში.

„შეხვედრა გვექნება გენერალური მდივნის მოადგილესთან. კომისიის შეხვედრაზე მექნება შესაძლებლობა, რომ მივმართო ნატო-ს წევრ ქვეყნების წარმომადგენლებს, გვქონდეს დისკუსია საქართველოს ინტეგრაციის საკითხებზე ნატო-ში და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ზოგადად, არსებულ უსაფრთხოების გარემოზე რეგიონში, საქართველოში. მოველი, რომ იქნება ძალიან საინტერესო დისკუსია და მიხარია, რომ კიდევ ერთხელ მაქვს შესაძლებლობა, მონაწილეობა მივიღო ნატო-საქართველოს კომისიაში.

2022 წელს იანვარში ჩემი პირველი ვიზიტი პარლამენტის თავმჯდომარის რანგში სწორედ ბრიუსელში, ნატო-ს სათაო ოფისში განხორციელდა ნატო-საქართველოს კომისიაში მონაწილეობის მისაღებად. ეს იყო მანამდე, ვიდრე რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომს დაიწყებდა. წელიწად-ნახევრის შემდეგ მაშინდელ დისკუსიებს გავიხსენებთ და შესაძლებლობა გვექნება, რომ ვისაუბროთ, როგორ გაიარა საქართველომ ეს პერიოდი და როგორ შევინარჩუნეთ უსაფრთხოების გარემო იმ დონეზე, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას, ასევე ნატო-სთვისაც უსაფრთხო დერეფნის შენარჩუნებას ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი დერეფნის სახით,“ – აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები