ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები გაიზიარებენ ევროკომისიის რჩევას და პოზიტიურ გადაწყვეტილებას მიიღებენ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
დიპლომატის თქმით, ევროკავშირს ასევე სურს, იხილოს წინსვლა იმ ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით, რომელიც ევროკომისიამ დასახა.
"მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საბჭო ევროკომისიის რეკომენდაციას, მის რჩევას გაითვალისწინებს და მიიღებს პოზიტიურ გადაწყვეტილებას საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე. ევროკომისიამ საკუთარ პოზიტიურ რეკომენდაციებთან ერთად განსაზღვრა 9 ნაბიჯი. ჩვენ, ასევე ვნახავთ წევრი ქვეყნები დაადასტურებენ თუ არა ამ 9 ნაბიჯს. ეს 9 ნაბიჯი ძალიან კარგად ნაცნობია, რადგან ეს 12 პრიორიტეტის საფეხურებია, რომლის შესრულებაზეც მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ზოგი ნაბიჯი ახალია, მაგალითად დეზინფორმაციასთან ბრძოლა, ბრძოლა გარე მანიპულაციურ ინფორმაციასთან, არჩევნების საკითხები, საუბარია მომავალ წელს არჩევნებზე.
საარჩევნო პროცესი უნდა იყოს სამართლიანი და თავისუფალი რამდენადაც შესაძლებელია. მინდა ვნახო პროგრესი თითოეული მათგანის შესრულებაზე. გვინდა ვნახოთ, რომ ყველა თავის ფუნქციას ასრულებს. მთავრობა უნდა იყოს სრულად ინკლუზიური, ოპოზიცია კი კონსტრუქციული.
ევროკომისიის მიერ ახლად განსაზღვრული მეოთხე ნაბიჯი ეხება თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. ეს უნდა გადაწყვიტონ ქართველებმა ერთობლივად, როგორ განახორციელონ საარჩევნო კამპანიის ორგანიზება. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ იქნება თანაბარი პირობები, რომ ყველას ექნება შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ საარჩევნო კამპანიაში, რომ რაც უმთავრესია, არ იქნება ძალადობა და რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვინდა, მოხდეს მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა წესებში არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე," - განაცხადა ჰერჩინსკიმ.