26 ნოემბერი 2024,   00:40
ვრცლად
ე.წ. დავით გარეჯის საქმეზე სასამართლოში ზურაბ ნოღაიდელი იკითხება

ე.წ. გარეჯის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩვენებას ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ზურაბ ნოღაიდელი აძლევს. ის საქართველოს საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმეზე მოწმის სახით იკითხება.

სხდომის დაწყებამდე მას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია და აღნიშნა, რომ ყველაფერს სასამართლოში იტყვის.

ნოღაიდელი მხარეების შეკითხვებს პასუხობს. ის სასამართლო მისი პრემიერ-მინისტრობის დროინდელ პერიოდს იხსენებს, სადაც უშიშროების საბჭოს სხდომაზე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი იყო დავით გარეჯის არსებული ტერიტორია. როგორც ნოღაიდელმა გაიხსენა, მაშინ დაისვა საკითხი, თუ სად რჩებოდა ის ტერიტორია, სადაც მდებარეობდა ქართული მონასტერი. ნოღაიდელის ინფორმაციით, მაშინდელმა სადემარკაციო კომისიის თავმჯდომარემ, მალხაზ მიქელაძემ თქვა, რომ აღნიშნული ტერიტორია აზერბაიჯანის მხარეს რჩებოდა. შესაბამისად, ნოღაიდელის ინფორმაციით, ამის შემდეგ მათი მთავარი ამოცანა გახდა მონასტერი შენარჩუნებულიყო. მისივე ინფორმაციით, მაშინდელ უშიშროების სხდომებს მართავდა და გადაწყვეტილებებს იღებდა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხელ სააკაშვილი.

ამასთან, სხდომის დაწყებამდე "კურიერი" ესაუბრა ერთ-ერთ ბრალდებულს, ივერი მელაშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ ზურაბ ნოღაიდელის ჩვენება, რაც ამ დრომდე აქვს წაკითხული, საქმესთან დაკავშირებით არსებითად არაფერს ცვლის.

პროკურორის განცხადებით, ნოღაიდელის ჩვენება მნიშვნელოვანი იქნება გამოძიებისთვის. პროკურატურის ინფორმაციით, გარეჯის საკითხი, ნოღაიდელის პრემიერობის პერიოდში უშიშროების საბჭოს სხდომებზე იხილებოდა, კითხვებიც გამოკითხვის დროს სწორედ ამას შეეხება. სხდომას ესწრებიან ბრალდებულებიც.

"ზურაბ ნოღაიდელს, 2005-2007 წლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოზიცია ეკავა, ამავდროულად, ის უშიშროების საბჭოს წევრი იყო და მისი ჩვენება მნიშვნელოვანია იმ კონტექსტში, რომ კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი ბრძანება, მათ შორის, გულისხმობდა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ გარკვეული მოხსენებების წარდგენას. 2006 წელს შეთანხმდა ძალიან ბევრი მონაკვეთი საქართველოს საზიანოდ, მათ შორის, ჩიჩხიტურის კოშკიდან 100 მეტრის დაშორებით," - განაცხადა საქმის პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ.

 

დღის ამბები