26 ნოემბერი 2024,   00:31
ვრცლად
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 10 საკითხი განიხილეს.

განსახილველ საკითხებს შორის იყო კანონის პროექტი, რომლის მიხედვითაც ახალგაზრდობის სააგენტო, რომელიც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ექვემდებარებოდა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის. შესაბამისად, სამინისტროს სახელწოდებად განისაზღვრება - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

მთავრობის სხდომაზე ასევე დამტკიცდა ეკონომიკის სამინისტროს მიერ ინიციირებული განკარგულების პროექტი, რომელიც 14 მოიჯარე პირისთვის ჯამურად 305 ჰა-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთების გადაცემას გულისხმობს. აღნიშნული მიწის ნაკვეთები ხონის, ზუგდიდის, მცხეთის, დუშეთის, ხობის, გარდაბნის, აბაშის, გორის, სიღნაღისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში მდებარეობს.

მოიჯარეებს მიწის ნაკვეთები საკუთრებაში "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის" სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად ქონების ღირებულების 75%-ის გადახდის საფუძველზე გადაეცათ. ჯამური საპრივატიზებო თანხა 3 085 206 ლარს შეადგენს.

სხდომაზე დამტკიცებულ განკარგულებებს შორის ასევე არის ქარისა და მზის ელექტროსადგურთა ორი პროექტი. 30 მგვტ სიმძლავრის ქარის ჰიდროსადგურზე, რომლის აშენებაც შიდა ქართლის რეგიონში იგეგმება, საჯარო და კერძო კანონმდებლობით გათვალისწინებული სრული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ხელშეკრულება გაფორმდება. პროექტისთვის საჭირო ინვესტიციის რაოდენობა 45 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს.

რაც შეეხება მზის ელექტროსადგურს, მისი აშენებაც შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში იგეგმება. სადგურის სიმძლავრე 6,259 მგვტ-ს, ხოლო ინვესტიცია 4,06 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. პროექტზე ხელშეკრულება მშენებლობის ფაზის დაწყების შესახებ გაფორმდება.

დღის ამბები