ახლო აღმოსავლეთში ომის 26-ე დღეა.
ღაზა ახლა "სასაფლაოა" ათასობით ბავშვისთვის - ამის შესახებ „იუნისეფის“ სპიკერმა განაცხადა. გაეროს ბავშვთა ფონდში აცხადებენ, რომ უფრო მეტი ბავშვი შეიძლება დაიღუპოს უწყლობის გამო. ღაზაში ომის დაწყებიდან პირველად, უცხო ქვეყნის პასპორტის მფლობელებმა არაბული ანკლავიდან გასვლა დაიწყეს, ასევე, გასვლის უფლებას აძლევენ ავადმყოფებსა და დაჭრილებს.
გავრცელებული ცნობით, ეგვიპტე საზღვრის გასწვრივ საველე ჰოსპიტალს აშენებს. გასასვლელის გახსნის შესახებ ეგვიპტეს, ისრაელსა და "ჰამასს" შორის შეთანხმება ყატარის შუამავლობით და შეერთებულ შტატებთან კოორდინაციით მოხდა. ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღაზას სექტორში დაღუპულთა რაოდენობამ უკვე 8 500-ს გადააჭარბა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შეშფოთებას გამოხატავს "ჰამასის" მიერ დატყვევებულ ისრაელის მოქალაქეების მდგომარეობაზე. ორგანიზაცია "ჰამასს" ტყვეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას სთხოვს. ისრაელის სამხედროებმა დაადასტურეს, რომ ჩრდილოეთ ღაზაში, ჯაბალიას რაიონში ლტოლვილთა ბანაკზე საჰაერო იერიში მიიტანეს.
შედეგად, მათ "ჰამასის" ერთ-ერთი მეთაური იბრაჰიმ ბიარი და ათობით ტერორისტი მოკლეს, დაანგრიეს მიწისქვეშა ტერორისტული ინფრასტრუქტურაც. "ჰამასმა" იერიშის დროს ბანაკში მისი ლიდერის ყოფნა უარყო. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კი, შემთხვევის დროს, 50 ადამიანი დაიღუპა და 150 დაიჭრა.