27 ნოემბერი 2024,   08:58
ვრცლად
ბოლო დროს გავრცელებული განცხადებები საქართველოსთვის თავდაცვის აღჭურვილობის სავარაუდო გადაცემასთან დაკავშირებით სავსეა უზუსტობებით და არის არასწორი - კელი დეგნანი

ამერიკის ელჩი არ ადასტურებს გიორგი ვაშაძის ბრალდებებს. ბოლო დროს გავრცელებული განცხადებები საქართველოსთვის თავდაცვის აღჭურვილობის სავარაუდო გადაცემასთან დაკავშირებით სავსეა უზუსტობებით და არის არასწორი, – აცხადებს კელი დეგნანი.

ელჩს კითხვა დაუსვეს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის განცხადებაზე, სადაც ის ამბობს, რომ "უკრაინაში ომის დაწყების მომენტიდან, ამერიკულმა მხარემ საქართველოს მთავრობას შესთავაზა თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის მრავალმილიარდიანი პაკეტი, რაზეც "ქართულმა ოცნებამ" უარი თქვა.

"ბოლო დროს გავრცელებული განცხადებები საქართველოსთვის თავდაცვის აღჭურვილობის სავარაუდო გადაცემასთან დაკავშირებით, სავსეა უზუსტობებით და არის არასწორი. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მსოფლიოს მასშტაბით ყველა მოკავშირესა და პარტნიორს მოუწოდა დახმარებოდნენ უკრაინას რითიც შეეძლოთ, რადგან უკრაინა იბრძვის საკუთარი ქვეყნისთვის, სუვერენიტეტისთვის, თავისუფლებისთვის. თავიდანვე ძალიან მკაფიოდ ვთქვით, რომ თითოეული ქვეყნის გადასაწყვეტია თუ რა ფორმით და როგორ დაეხმარება უკრაინას.

ჩვენ ასევე ვიყავით ძალიან მკაფიო მათ შორის საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან საუბრებში, რომ ჩვენ არასდროს გვითხოვია საქართველოსთვის მეორე ფრონტის გახსნა, არასდროს გვქონია სურვილი ომი გაფართოვებულიყო, ან რაიმე სახის ზეწოლა მოგვეხდინა საქართველოზე ან რომელიმე სხვა სახელმწიფოზე ამ კუთხით, რადგან ჩვენი სურვილი თავიდანვე იყო ამ ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულება და რეგიონში სტაბილურობისა და სიმშვიდის აღდგენა. ეს ისაა, რისთვისაც ამერიკა იღწვის," - განაცხადა აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.

დღის ამბები