27 ნოემბერი 2024,   08:59
ვრცლად
საქართველოსა და ევროკავშირის პროკურატურებს შორის ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა

გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ და ევროკავშირის პროკურატურის მთავარმა პროკურორმა, ლაურა კოვეშმა, საქართველოს პროკურატურასა და ევროკავშირის პროკურატურას შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, მხარეებმა შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე თანამშრომლობის, სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის, ექსტრადიციისა და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული აქტივების დაბრუნების პროცესში მხარდაჭერის, ასევე გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, სტრატეგიულ და ოპერატიულ დონეზე ორმხრივი შეხვედრების გამართვის მზაობა გამოხატეს.

შეთანხმების გაფორმებამდე საქართველოს გენერალურ პროკურორსა და ევროკავშირის პროკურატურის მთავარ პროკურორს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა სადაც მათი უწყებების საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.ასევე,შეხვედრაზე სისხლის სამართლის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ერთობლივი ღონისძიებების გატარების მზადყოფნა გამოთქვეს.

გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, საქართველოს პროკურატურისთვის ევროკავშირის პროკურატურასთან თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია და ეს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმული კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია

„ საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და ევროკავშირის პროკურატურას შორის თანამშრომლობის შეთანხმებაზე ხელმოწერა, გააძლიერებს ჩვენს ორ უწყებას შორის თანამშრომლობას და აქტიურ მუშაობას ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ. როგორიც არის კორუფცია, ფულის გათეთრება, დღგ-ს თაღლითობა და სხვა ფინანსური დანაშაულები, რომელიც დაკავშირებულია ევროკავშირის ფონდების არაკანონიერ გამოყენებასთან“- აღნიშნა ირაკლი შოთაძემ.

გენერალური პროკურორის თქმით, ევროკავშირის პროკურატურასთან თანამშრომლობა საქართველოს პროკურატურისთვის უმნიშვნელოვანესია და ამ მიმართულებით დაგეგმილია ევროკავშირის პროკურატურაში საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლის დანიშვნა, რომელიც ლუქსემბურგში, ევროკავშირის სათაო ოფისში იქნება მივლენილი.

ევროკავშირის პროკურატურის მთავარი პროკურორის, ლაურა კოვეშის თქმით, საქართველოს პროკურატურასა და ევროკავშირის პროკურატურას შორის გაფორმებული შეთანხმება ორივე მხარეს საშუალებას მისცემს ითანამშრომლონ პირდაპირ, ერთმანეთს გაუზიარონ ინფორმაცია, ჰყავდეთ საკონტაქტო პირები და ერთად იმუშაონ საერთო საქმეებზე.

"ევროკავშირის პროკურატურის ძირითადი კომპეტენცია არის ფინანსური თაღლითობის, ევროკავშირის თანხებით ჩადენილი თაღლითობის, დღგ-სთან დაკავშირებული თაღლითობის, კორუფციის, ფულის გათეთრების და ორგანიზებული დანაშაულის გამოძიება, თუ ისინი უკავშირდება ძირითად კომპეტენციას. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს სამომავლო საქმიანობას კავშირი ექნება საქართველოსთან და ხსენებული თანამშრომლობის შეთანხმება გაგვიმარტივებს ერთობლივად მუშაობას," - აღნიშნა ლაურა კოვეშმა.

საქართველოს პროკურატურასა და ევროკავშირის პროკურატურას შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებაზე ხელის მოწერის ღონისძიება პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიური კონფერენციის და გენერალური შეხვედრის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საქართველოს პროკურატურა მასპინძლობს.

ევროკავშირის პროკურატურის მთავარი პროკურორი, ლაურა კოვეში კონფერენციას საქართველოს გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის სპეციალური მოწვევით ესწრება.

დღის ამბები