27 ნოემბერი 2024,   08:51
ვრცლად
გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარი პროკურორის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარი პროკურორის მოადგილეს, ნაზატ შამიმ ხანს შეხვდა.

გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს პროკურატურის და საერთაშორისო სასამართლოს მთავარი პროკურორის ოფისის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მხარეებმა მიმოიხილეს ჰააგის სასამართლოს პროკურორის ოფისის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ცალკეული საკითხები.

ასევე ისაუბრეს საქართველოს მიერ 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე საერთაშორისო სასამართლოებში მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ეხება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინასასამართლო პალატის მიერ პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამი ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართ დაკავების განჩინებების გამოცემას.

შეხვედრაზე ხაზგასმით განაცხადეს, რომ აღნიშნული პირების მიერ ჩადენილი ქმედება, რომელიც ეხება ეთნიკურად ქართველების თავისუფლების უკანონო აღკვეთას, მათ მიმართ წამებას და არასათანადო მოპყრობას, მძევლად აყვანას და შემდგომ უკანონო გადაცემას, წარმოადგენს უმძიმეს ომის დანაშაულს.

საუბარი შეეხო ქართულ მხარესა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობას. მხარეები შეთანხმდნენ გამოცდილების გაზიარებასა და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარი პროკურორის მოადგილე, ნაზატ შამიმ ხანი, საქართველოში, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიური კონფერენციის და გენერალურ შეხვედრის ფარგლებში სტუმრობს, რომელიც 25-29 სექტემბერს, თბილისში იმართება.

"ძალიან მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები. ჩამოვედი, რათა სიტყვით გამოვიდე პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის შეხვედრაზე, რითაც ძალიან ვამაყობ, რადგან წლებია პროკურორი ვარ. ეს ასევე არის საქართველოს პროკურატურის თანამდებობის პირებთან შეხვედრის და რა თქმა უნდა, ამ ლამაზი ქვეყნის ნახვის შესაძლებლობა. ახლახან გვქონდა ძალიან კარგი დისკუსია საქართველოსთან ერთად ჩვენი მუშაობის შესახებ და ვულოცავ გენერალურ პროკურორს, რომ ჩვენი ურთიერთობა ასეთი ეფექტური თანამშრომლობით ხასიათდება," - განაცხადა ნაზატ ხანმა.

დღის ამბები