27 ნოემბერი 2024,   08:49
ვრცლად
ფაშინიანის თქმით, 49 სამხედრო დაიღუპა - გავრცელებული ინფორმაციით, სომხეთი და რუსეთი სიტუაციის ნორმალიზებისთვის საჭირო ზომების მიღებაზე შეთანხმდნენ

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დაწყებულ სამხედრო შეტაკებებს მსხვერპლი მოჰყვა - არსებული დანაკარგების შესახებ მონაცემები ზუსტდება. სიტუაცია ადგილზე უკიდურესად დაძაბულია. ერევანი და ბაქო პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ.

სომხეთი აზერბაიჯანს მის სუვერენულ ტერიტორიაზე თავდასხმებში ადანაშულებს. სომხეთის თავდაცვის უწყების ცნობით, მოწინააღმდეგე არტილერიას, ნაღმტყორცნებს, უპილოტო საფრენ აპარატებსა და მსხვილკალიბრიან იარაღს იყენებს. მის სამიზნეს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაც წარმოადგენს.

უკიდურესად დაძაბული ვითარების გამო სომხეთმა რუსეთსა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას სამხედრო დახმარების თხოვნით მიმართა. ფაშინიანმა განაცხადა, რომ დაღუპულია 49 სამხედრო.

ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ შედგა სატელეფონო საუბარი სომხეთის და რუსეთის თავდაცვის მინისტრებს შორის. გავრცელებული ინფორმაციით, სურემ პაპიკიანი და სერგეი შოიგუ შეთანხმდნენ საჭირო ზომების მიღებაზე სიტუაციის ნორმალიზებისთვის. კონკრეტულად რა ნაბიჯებზეა საუბარი ჯერჯერობით უცნობია.

რაც შეეხება გაეროსა და კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულების ორგანიზაციისადმი მიმართვას, ამაზე სომხეთში ღამით უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ შეთანხმდნენ. სომხეთი აზერბაიჯანს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს და რეაგირებას ითხოვს. პროცესებში ჩართვისკენ სატელეფონო საუბარში მოუწოდა ნიკოლ ფაშინიანმა ვლადიმერ პუტინს, ემანუელ მაკრონს და ენტონი ბლინკენს და მომხდარზე პასუხისმგებლობა აზერბაიჯანულ მხარეს დააკისრა.

"მოწინააღმდეგე აგრძელებს არტილერიის, ნაღმტყორცნების, უპილოტო საფრენი აპარატების და მსხვილი კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას. სამიზნეა როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ზოგიერთი მიმართულებით აზერბაიჯანულმა ქვედანაყოფებმა განახორციელეს მოქმედებები პოზიციების წინსვლისთვის. პოზიციური ბრძოლები გრძელდება. სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები ადეკვატურ პასუხს სცემს მტერს და სრულად ასრულებენ მათ წინაშე დასახულ საბრძოლო ამოცანებს. შექმნილ ვითარებაზე და მის შემდგომ განვითარებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას," - აცხადებს სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი არამ ტოროსიანი.

აზერბაიჯანი კი სომხეთს ბრალს პროვოკაციებში სდებს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის არმიამ საღამოს საათებში ფართომასშტაბიანი პროვოკაცია განახორციელა.

აზერბაიჯანის ხელისუფლების მტკიცებით, ღამის საათებში სომხეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები საზღვართან ტერიტორიის დანაღმვას ცდილობდნენ, რა დროსაც დაიწყო დაპირისპირება. ასევე, ოფიციალური ბაქოს მტკიცებით, სომხეთის ჯარმა გახსნა ინტენსიური ცეცხლი მათი პოზიციების მისამართით, რასაც მსხვერპლი მოჰყვა, თუმცა სხვა დეტალები ამ დროისთვის არ ხმაურდება.

"სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯან-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დაშკესანისქალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით ფართომასშტაბიანი პროვოკაცია განახორციელეს. სომხეთის შეიარაღებული ძალების დივერსიული ჯგუფები, ღამის პერიოდში ახორციელებდნენ აზერბაიჯანის სახმედროების სიახლოვეს არსებული ტერიტორიების დანაღმვას. მოწინააღმდეგე მხარის ქვედანაყოფები, რომლებიც მდებარეობდნენ ბასარკეჩარისისტისუს და გორუსის დასახლებებში, მოხდა ინტენსიური დაბომბვა სხვადასხვა კალიბრის შეიარაღებიდან, შედეგად არიან დაშავებულები, ასევე დაზიანებულია სამხედრო ინფრასტრუქტურა," - აცხადებს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესპიკერი ანარ აივაზოვი.

აზერბაიჯანს მხარს უჭერს თურქეთი და სომხეთს პროვოკაციაში ადანაშაულებს - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარში განაცხადა.

დღის ამბები