27 ნოემბერი 2024,   08:54
ვრცლად
საქართველოსა და თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა

წინანდალში, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის მინისტრების მოადგილეების დონეზე პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა. ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია, ხოლო თურქეთის დელეგაციას - თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სედათ ონალი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და  მჭიდრო ორმხრივ თანამშრომლობას, რაც მიმდინარე წელს საიუბილეო თარიღით - დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლის იუბილით აღინიშნება. 

უწყების ინფორმაციით, ხაზი გაესვა როგორც მაღალი დონის, ასევე დარგობრივ უწყებათა ვიზიტების ურთიერთგაცვლის დინამიკის ზრდის მნიშვნელობას. განსაკუთრებით აღინიშნა მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს რიგით მესამე სხდომის გამართვის მნიშვნელობა.

"დეტალურად იქნა განხილული სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალური საკითხები. ასევე, ყურადღება დაეთმო რეგიონში მიმდინარე პროცესებს და საქართველოსა და თურქეთის როლს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის ხელშეწყობის კუთხით. 

თურქეთის მხარემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, ასევე საქართველოს ნატოში ინტეგრაციისადმი მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველო-თურქეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების და ინვესტიციების მოზიდვის პერსპექტივები. ხაზი გაესვა ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და საბაჟო საკითხთა სფეროში ორ ქვეყანას შორის აქტიური ურთიერთქმედების მნიშვნელობას. ყურადღება გამახვილდა რეგიონული თანამშრომლობის საკითხებზე, ერთობლივი პროექტების განხორციელების მნიშვნელობასა და ორი ქვეყნის სატრანზიტო და სატრანსპორტო პოტენციალის სრულად გამოყენების აუცილებლობაზე. 

აღინიშნა საქართველოსა და თურქეთს შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს აქტიური თანამშრომლობისათვის და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებისათვის მზადყოფნა. სურვილი გამოითქვა პოლიტიკური კონსულტაციების მომავალში გაგრძელების თაობაზე," - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

დღის ამბები