27 ნოემბერი 2024,   08:49
ვრცლად
ილია დარჩიაშვილი ევროპარლამენტის წევრს, პეტრას აუსტრევიჩიუს შეხვდა

ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა ევროპარლამენტის წევრთან, პეტრას აუსტრევიჩიუსთან.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროინტეგრაციული პროცესის მიმდინარეობაზე, ამ გზაზე მიღწეულ პროგრესსა და არსებულ გამოწვევებზე. ხაზი გაესვა ევროპარლამენტის მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და ამ პროცესში ევროპარლამენტთან საქართველოს ნაყოფიერ თანამშრომლობას. აღინიშნა მიმდინარე წლის ივნისში, ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების ისტორიული მნიშვნელობა.

შეხვედრისას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპარლამენტარს ინფორმაცია მიაწოდა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესის მიმდინარეობის შესახებ. ილია დარჩიაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პროგრესი და სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული რეფორმები სათანადოდ იქნება აღიარებული ევროპელი პარტნიორების მიერ.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა პეტრას აუსტრევიჩიუს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისევე როგორც საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის მიმართ ევროპარლამენტის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

საგარეო საქმეთა მინისტრისა და ევროპარლამენტარის შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო უსაფრთხოების გარემოს და ამ მხრივ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ ვითარებას.

2022 წლის 6 სექტემბერს, ბრიუსელში საქართველო - ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომა გაიმართა. საქართველოს დელეგაციას საქართველოს პრემიერ- მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ხოლო ევროკავშირის დელეგაციას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში - ჟოზეფ ბორელი ხელმძღვანელობდა

დღის ამბები