27 ნოემბერი 2024,   08:46
ვრცლად
სახალხო დამცველის არჩევის წესის ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს - პროექტზე მსჯელობა დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში დაიწყო

სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. პროექტზე მსჯელობა დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში დაიწყო, რომლის დასკვნაც სავალდებულოა. საკითხი უკვე საპროცედურო და წესების კომიტეტის სხდომაზეც გავიდა, მომავალი სახალხო დამცველის ასარჩევად პარლამენტის რეგლამენტში დროებითი წესი იწერება, ის შეეხება ომბუდსმენს, რომელსაც ამ წელს დეკემბერში აირჩევენ.

პარლამენტის წევრმა, პარტიის "საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა ანა ბუჩუკურმა მმართველ გუნდს კითხვით მიმართა, თუ რატომ ხდება დელეგირება  პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებაზე და რატომ არ შეიძლება რეგლამენტით გაიწეროს, რაზეც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ უპასუხა, რომ კონკრეტული თარიღი ბრძანების გარდა ვერ გაიწერებოდა რეგლამენტში. 

"კონკრეტული თარიღი, რომ მაგალითად, 20 სექტემბერს უნდა იყოს გამოცხადებული კონკურსი ბრძანების გარდა ვერ გაიწერებოდა რეგლამენტში. ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში მართებულია ბრძანებაზე ამის დარეგულირების დელეგირება. ეს რომ ყოფილიყო მუდმივი წესის სახით შემუშავებული, ამასთან დაკავშირებით აქტუალური დაჩქარების პრობლემა იქნებოდა და პრობლემური შეიძლება გამხდარიყო," - განაცხადა სარჯველაძემ. 

ამასთან, კითხვით მმართველ გუნდს პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარის მოადგილემაც მიმართა. ნატო ჩხეიძეს აინტერესებდა, რამდენად სანდოა ჯგუფი, რომელიც წარდგენილ კანდიდატურებს ობიექტურად შეაფასებს. 

"მოგეხსენებათ, რომ ეშმაკი დეტალებშია, უნდა ვიცოდეთ იმ ჯგუფში ვინ არიან და რამდენად სანდოა ახლა ის ჯგუფი, რომ წარდგენილი კანდიდატურები შეაფასოს," - აცხადებს ნატო ჩხეიძე. შეკითხვას ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ უპასუხა, რომლის თქმით, მმართველი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჯგუფის შემადგენლობა იყოს დამაჯერებელი. 

"ყველაზე ცუდი ხალხი რომ შეიკრიბოს იმ 9 ადამიანში, ამ შემთხვევაშიც კი ეს ხელს ვერ შეუშლის კარგ კანდიდატურას, რომ გავიდეს და არჩეული იქნეს. ჩვენთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ სწორედ შემადგენლობა იყოს დამაჯერებელი," - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე. 

დღის ამბები