27 ნოემბერი 2024,   08:53
ვრცლად
რუსეთის პროვოკაციის გამო, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რადიაციული კატასტროფის ზღვარზე აღმოჩნდა - ზელენსკი

რუსეთის პროვოკაციის გამო, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რადიაციული კატასტროფის ზღვარზე აღმოჩნდა – ამის შესახებ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკის თქმით, მან დღეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებული სიტუაცია საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან განიხილა. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ 6 სექტემბერს უნდა გამოქვეყნდეს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიის მონიტორინგის დასკვნა. ზელენსკი იმედს გამოთქვამს, რომ ის ობიექტური იქნება.

მისი თქმით, ვიდრე სადგურს უკრაინა აკონტროლებდა, რადიაციული კატასტროფის საფრთხე არ არსებობდა.

ზელენსკიმ ასევე სამხედრო მოქმედებების მიმდინარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები განაგრძობენ ოკუპანტების საწყობების, ბაზების, გადასასვლელი ხიდებისა და შტაბების განადგურებას.

"რუსეთის მიერ გახსნილი მორიგი პროვოკაციული ცეცხლის შედეგად დაზიანდა ენერგოგადამცემი ბოლო ხაზი, რომელიც ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს უკრაინის ენერგოსისტემასთან აკავშირებდა. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, კვლავ რუსული პროვოკაციის გამო ზაპოროჟიეს სადგური რადიაციული კატასტროფის ზღვარზე აღმოჩნდა. ვფიქრობ, ის ფაქტი, რომ რუსეთმა ეს სწორედ ახლა გააკეთა, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დასკვნების წინ, ბევრ რამეზე მეტყველებს.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიისთვის ცეცხლის გახსნა ნიშნავს, რომ ტერორისტ სახელმწიფოს არ აინტერესებს, რას იტყვის საერთაშორისო სააგენტო, არ ადარდებს, რას გადაწყვეტს საერთაშორისო თანამეგობრობა. რუსეთი დაინტერესებულია მხოლოდ იმაში, რომ სიტუაცია, რაც შეიძლება, დიდ ხანს იყოს ცუდი. ამის გამოსწორება შესაძლებელია მხოლოდ სანქციების გაძლიერებით, ყველა დონეზე რუსეთის ტერორის სახელმწიფოდ ოფიციალურად აღიარებით," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღის ამბები