27 ნოემბერი 2024,   08:47
ვრცლად
თუ გადაწყვიტეს რომ საბოტაჟი განახორციელონ, რისი ოსტატებიც არიან, "ქართული ოცნება" იძულებული იქნება, წარმოადგინოს კანდიდატურა - გიორგი ვოლსკი

სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით უმრავლესობის მხრიდან წარმოდგენილ ცვლილებებს მნიშვნელოვნად მიიჩნევს "ქართული ოცნების" წევრი, ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი და აცხადებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს შესაბამისი გამოცდილებაც და პრაქტიკაც, რომ კომისია, რომელმაც კანდიდატები უნდა შეარჩიოს, კომპეტენტური და სანდო პირებით დააკომპლექტოს.

გიორგი ვოლსკის თქმით,ოპოზიციის მხრიდან გაკეთებულ კომენტარებში უკვე იგრძნობა გაწბილება იმასთან დაკავშირებით, რომ მმართველი პარტიის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა, მათ დესტაბილიზაციის მცდელობას ხელი შეუშალა.

"პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს ის კომპეტენცია, გამოცდილება და პრაქტიკაც, როდესაც საზოგადოებისათვის მისაღები სანდო პირებით კომპლექტდებოდა კომისია, თუნდაც ტელევიზიის სამეთვალყურეო საბჭოში შესარჩევად. არავინ არასდროს დაუშვებს იმას, რომ სალომე სამადაშვილმა ზარ-ზეიმით აღნიშნოს კომისიის არაკომპეტენტური ხალხით დაკომპლექტების ფაქტი.

კომენტარებში რაც მოვისმინე, რეალურად არის გაწბილება იმით, რომ საკმაოდ კარგი გადაწყვეტილებაა მიღებული, კარგი პროექტია ჩამოყალიბებული და პრინციპში ეწინააღმდეგება იმ სტრატეგიას, რომელიც გააჩნია გარკვეულ პოლიტიკურ სუბიექტებს - ეს არის დესტაბილიზაციის მცდელობა. თუ გადაწყვიტეს რომ საბოტაჟი განახორციელონ, რისი ოსტატებიც არიან, "ქართული ოცნება" იძულებული იქნება, რომ წარმოადგინოს კანდიდატურა,"- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

დღის ამბები