27 ნოემბერი 2024,   08:59
ვრცლად
ოფიციალური კიევის მტკიცებით, ხერსონის ოლქიდან რუსი სამხედროები გარბიან, ინფორმაციას უარყოფს მოსკოვი - უკრაინელი სამხედროები კი დაბრუნებული ტერიტორიებიდან სპეციალურ მიმართვებს ავრცელებენ

ნოვაია დმიტროვკა, არხანგელსკოე, ტომინა ბალკა და პრავდინო - ეს ის 4 სოფელია, რომელიც მედიის ინფორმაციით, უკრაინულმა მხარემ ხერსონის ოლქში დაიბრუნა. წყაროს ცნობით, შეტევის ძირითადი მიმართულება პრავდინო იყო. ხერსონში ისმის აფეთქებების ხმა. ოფიციალურ კიევში ამტკიცებენ, რომ ოლქში მყოფი რუსი სამხედროები გარბიან. ინფორმაციას უარყოფს მოსკოვი. კრემლი ხერსონში თავისი ჯარის წარუმატებლობას არ აღიარებს. ამ ფონზე კი უკრაინელი სამხედროები დაბრუნებული ტერიტორიებიდან სპეციალურ მიმართვებს ავრცელებენ.

მიმართვა გაავრცელა და თანამემამულეებს ახლო მომავალში ყველა ოკუპირებული ტერიტორიის დაბრუნებას დაპირდა უკრაინის პრეზიდენტიც.

შეტევას რამდენიმე წერტილში განაგრძობს რუსეთის არმიაც. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში უკრაინელმა სამხედროებმა საოკუპაციო ძალები ხუთი მიმართულებით მოიგერიეს. 

ომის დაწყებიდან 188-ე დღეს ოკუპანტების ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ ისევ ხარკოვი რჩება. საოკუპაციო ძალებმა უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქი ვერ დაიკავეს და მას ციდან და ხმელეთიდან ერთდროულად უტევენ. ქალაქის ცენტრზე განხორციელებულ თავდასხმებს დღეს 5 ადამიანი ემსხვერპლა, 10-მდე მშვიდობიანი მოქალაქე კი დაშავდა. ქალაქი ხარკოვი და ოლქის რამდენიმე დასახლება მხოლოდ დღეს 32-ჯერ დაიბომბა.

2 მშვიდობიანი მოქალაქე კი საოკუპაციო ძალების სარაკეტო იერიშს ქალაქ მიკოლაევში შეეწირა. დაშავებულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა. დღის ბოლოს ქალაქი ისევ გახდა სამიზნე. კვლავ საცხოვრებელი სახლები. სარაკეტო იერიშს საღამოს კიდევ 2 ადამიანი ემსხვერპლა, ათამდე კი დაიჭრა.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, ოკუპანტებმა ისევ დაბომბეს ზაპოროჟიეს ოლქი, სადაც კვირის ბოლოს საერთაშორისო ექსპერტებს ელოდებიან. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია უკვე კიევშია. 14 წევრისგან შემდგარმა ჯგუფმა, რომელსაც სააგენტოს დირექტორი რაფაელ გროსი ხელმძღვანელობს, ევროპის უდიდეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული ვითარების მონიტორინგი უნდა განახორციელოს. ბოლო რამდენიმე კვირაა, ზაპოროჟიეში ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე თავდასხმები ხშირად ხდება, რაშიც რუსული და უკრაინული მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ.

დღის ამბები