27 ნოემბერი 2024,   08:56
ვრცლად
საქალაქო სასამართლოში ძმები კაკულიების სასამართლო პროცესი გაიმართა - როდის ჩაინიშნა არსებითი განხილვა და როგორია მხარეების პოზიციები

საქალაქო სასამართლოში ძმები კაკულიების სასამართლო პროცესი გაიმართა. დღეს მხარეები მტკიცებულებების დაშვებაზე მსჯელობდნენ. მოსამართლემ პროკურატურის მტკიცებულებები დაცვის მხარის წინააღმდეგობის მიუხედავად, დასაშვებად სცნო. კაკულიების საქმის არსებითი განხილვა 12 სექტემბერს დაიწყება. 

დღეს პირველი განმარტება გააკეთეს არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარი სროლის საქმეში ბრალდებულმა ძმებმა, მათი განცხადებით, 30 მაისს დაკავების დროს მათ სამართალდამცველებმა იარაღი ჩაუდეს, ამის მოწმედ კი ბინის მეპატრონე დაასახელეს, რომელიც დაკავების ღონისძიებას ესწრებოდა. 

"მე დავინახე, იარაღები შემოგვიტანეს ოთახში და ჩაგვიდეს, ეს ცნობილი პრაქტიკაა დღევანდელ რეალობაში საქართველოში. ეს მოხდა ჩემს თვალწინ, ჩემი ძმაც მაგის მოწმეა," - განაცხადა დავით კაკულიამ.

როგორც ირკვევა, საქმის მასალებში ბინის მეპატრონის გამოკითხვის ოქმი დევს, შესაბამისად, ის სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხება. 

"ბინის მეპატრონე ალბათ მოწმედ უნდა დაიკითხოს სხდომაზე, შესაბამისად რას ამბობს წინა გამოძიებაში ბინის მეპატრონე არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად. ვთვლით, რომ ის მტკიცებულებები, რომელიც მოსამართლემ დაადგინა, ნამდვილად დაადასტურებს ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფების უდანაშაულობას,"- აცხადებს გუგა და დავით კაკულიების ადვოკატი მარიამ შოშიაშვილი.

საქმის პროკურორი კი აცხადებს, რომ ყველა ის მტკიცებულება, რომელიც ძმები კაკულიების დანაშაულს ამტკიცებს საქმის მასალებში დევს. 

"ბინის ჩხრეკა ჩატარებულია, როგორც გამომძიებლების, ასევე ექსპერტ-კრიმინალისტების  მონაწილეობით, მათ შორის, მას ესწრებოდა ბინის მფლობელი, რომელიც გამოკითხულია გამოძიების ფარგლებში. საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა უკვე მოპოვებულია და შესაბამისად, სასამართლომაც გაიზიარა ეს მტკიცებულებები და ამიტომ, გადაეცა საქმე არსებითად განსახილველად,"- აცხადებს პროკურორი თამარ ყულჯანიშვილი.

 

 

დღის ამბები