27 ნოემბერი 2024,   08:54
ვრცლად
სამი ერთის ნაცვლად - "სუპერ პუმის" სანაცვლოდ საქართველო ახალ სამაშველო ვერტმფრენებს მიიღებს

სამი ერთის ნაცვლად - პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მთავრობა სააკაშვილის ხელისუფლების დროს შეძენილ სუპერ პუმას გაყიდის და სამაშველო ოპერაციებზე მორგებულ სამ ვერტმფრენს შეიძენს. ინიციატივა მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გააჟღერა. მთავრობის მეთაურმა, წინა ხელისუფლების დროს ჩამოყვანილი ვერტმფრენის უფუნქციობაზე ისაუბრა და თქვა, რომ სამაშველო ავიაციის განახლებული პარკი სტიქიების დროს მოქმედებებს უფრო მოქნილს გახდის.

ახალი ვერტმფრენები რომ სამაშველო ოპერაციებს გაამარტივებს, ამაზე ვიცე-პრემიერმაც ისაუბრა. ლევან დავითაშვილის თქმით, სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს შეძენილი ფუფუნების საგნის სამაშველოდ წარმოჩენა სპეკულაციაა. დავითაშვილმა, რამდენიმე წლის წინ, ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესი დღევანდელს შეადარა და საგანგებო სამსახურების განვითარებაზე გააკეთა აქცენტი.

სუპერ პუმასთან დაკავშირებულ კრიტიკას კრიტიკითვე უპასუხეს ყოფილ სახელისუფლებო პარტიაში. "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ახლა ირწმუნებიან, რომ ფრანგული ვერტმფრენის სამაშველოდ გადაკეთება შეიძლება. თუმცა, რატომ არ მოდიფიცირდა "პუმა" სამაშველო ოპერაციებისთვის თავის დროზე - ამ კითხვაზე პასუხი არ აქვთ.

ოპოზიციურ პარტიას დღეს საპარლამენტო უმრავლესობიდან უპასუხეს. მმართველი გუნდის წევრები ოპონენტებს საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ გაფლანგვაში ადანაშაულებენ. ამბობენ, რომ ახალი გადაწყვეტილება გახშირებულ სტიქიურ საფრთხეებთან ბრძოლისთვის ეფექტურ შედეგს გამოიღებს.

"სუპერ პუმას" ტიპის ვერტმფრენი საქართველომ საფრანგეთისგან 2011 წელს სამაშველო ფუნქციებისთვის საჭირო აღჭურვილობის გარეშე შეისყიდა.

დღის ამბები