27 ნოემბერი 2024,   08:49
ვრცლად
უცხოელი ექსპერტები მიხეილ სააკაშვილთან - რა სახის გამოკვლევა ჩაუტარდა ექსპრეზიდენტს და როდის გახდება ცნობილი სამედიცინო დასკვნა

ფსიქიატრი ამერიკიდან მიხეილ სააკაშვილის პალატაში დილიდან შევიდა. ერიკ გოლდ-სმიტმა ექსპრეზიდენტს სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარა, თუმცა მისი პალატა უკომენტაროდ დატოვა. რამდენიმე საათის შემდეგ კლინიკა "ვივამედში" მედიკოსი ისევ დაბრუნდა. 

ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის 8 თვიან მკურნალობის პროტოკოლს უკვე გაეროს სასამართლო ექსპერტი გაეცნო, რომელიც ქვეყანაში ცენტრ "ემპათიის" მოწვევით ჩამოვიდა. უცხოელმა ექიმებმა ორ მთავარ შეკითხვას უნდა გასცენ პასუხი - არის თუ არა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმე და ეს ხელს უშლის თუ არა მას სასჯელის მოხდაში. მოსაზრებას ექსპერტები რამდენიმე დღეში წარადგენენ. დაახლობით ერთი თვის ვადაში კი, სამედიცინო დასკვნა მომზადდება, რომელიც სასმართლოს წარედგინება. ადვოკატები ვარაუდობენ, რომ სწორედ ეს დოკუმენტი გახდება სასჯელის გადავადების საფუძველი, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ხუთმა მოსამართლემ უნდა მიიღოს.

მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანა, მისი ოჯახის წევრებისა და თანაგუნდელებისთვის მთავარ მოთხოვნად რჩება. ექსპრეზიდენტის დედას მოლოდინი აქვს, რომ პროცესში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვის შემდეგ, მისი შვილისთვის სასჯელის გადავადება შესაძლებელი გახდება.

ის, რაც ოჯახის უპირობო მოთხოვნაა, მმართველი გუნდისთვის პოპულიზმი და პოლიტიკური სპეკულაციებია. სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს მკურნალობის შესაბამის კურსს საქართველოშიც უტარებენ.

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამატებითი განმარტებები გაკეთეს იუსტიციისა და ჯანდაცვის მინისტრებმა. რატი ბრეგაძე არ გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილს დამოუკიდებელი ექსპერტიზაც ჩაუტარდეს. ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელი კი აცხადებს, რომ უცხოელი ექსპერტების "ვივამედში" შეშვების პროცედურა არ ჭიანურდება.

უცხოელი ექსპერტები ქვეყანას ხვალ დილით დატოვებენ. ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის ლიცენზიას ელოდება კიდევ სამი ამერიკელი მედიკოსი. როდის ჩამოვლენ ისინი საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესაფასებლად, ამ დრომდე უცნობია.

დღის ამბები