27 ნოემბერი 2024,   08:47
ვრცლად
კვალის დაფარვის მიზნით გაჩენილი ხანძარი თუ შემთხვევითობა -  სამგორში სოციალურად დაუცველ ოჯახს სახლი დამწვარი დახვდა 

შემთხვევითობა თუ დაგეგმილი დანაშაული - სამგორში სოციალურად დაუცველ ოჯახს სახლი დამწვარი დახვდა. გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ცეცხლის გაჩენის დროს ოჯახი ქალაქგარეთ იმყოფებოდა. ცეცხლი მეზობელმა შენიშნა და სამაშველო სამსახურს აცნობა. მეხანძრეებმა სახლის გადარჩენა ვერ შეძლეს. მეზობლების ყვებიან, რომ ხანძრამდე რამდენიმე დღის წინ ქურდობის სავარაუდო მცდელობაც იყო. მათი ინფორმაციით, სახლის კარი გატეხეს, თუმცა ნივთების გატანა ვერ მოასწრეს, რადგან ადგილობრივების ხმაურზე სავარაუდო დამნაშავეები მიიმალნენ. თვითმხილველი "კურიერს" უყვება, რომ შესაძლოა ბოლო სამ დღეში მომხდარ ორ შემთხვევას ერთმანეთთან კავშირი ჰქონდეს.

ამ ვერსიას არც დაზარალებული გამორიცხავს, რომელიც საგამოძიებო უწყებამ უკვე გამოკითხა. კიდევ ერთი ვერსიით, შესაძლოა ხანძარი ელექტროენერგიის გაყვანილობის გაუმართაობამ გამოიწვია. ეცადნენ თუ არა სავარაუდო დამნაშავეები სახლის დაწვით მტკიცებულებების განადგურებას - შეკითხვაზე პასუხს დაზარალებული გამოძიებისგან ელოდება.

"კურიერმა" ის საგამოძიებო მოქმედებები გადაიღო, რომელიც დამწვარი სახლის ეზოში რამდენიმე საათი გაგრძელდა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტებიც მუშაობდნენ. დამწვარი სახლის მეპატრონე და მისი მეზობლები პოლიციის განყოფილებაში გამოკითხეს.

მუშაობს თუ არა გამოძიება ბოლო 3 დღეში ერთ სახლში მომხდარი ორი შემთხვევის კავშირზე, ეს ჯერ უცნობია. მიმდებარე ტერიტორიაზე სათვალთვალო კამერები არ არის. "კურიერის" ინფორმაციით, ამ ეტაპზე გამოძიებას სავარაუდო დამნაშავის ვინაობის შესახებ ჩვენებები არ აქვს.

მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 187 მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის განადგურებას გულისხმობს. თუ ხანძრის ხელოვნურად გაჩენის ფაქტი დადასტურდება, სავარაუდო დამნაშავეს 3 წლამდე პატიმრობა ელოდება.

დღის ამბები