27 ნოემბერი 2024,   08:46
ვრცლად
სტიქიის მეათე დღეს ბორჯომის ხეობაში ცოცხალი ძალა და ავიაცია ახალ კერებს ისევ ებრძვის - ქვაბისხევის ფერდობმა ყველაზე რთული ზონის სტატუსი მიიღო

სტიქიის მეათე დღეს, ბორჯომის ხეობაში ცოცხალი ძალა და ავიაცია ახალ კერებს ისევ ებრძვის. ქვაბისხევის ფერდობზე დაკვამლიანებამ დღეს კვლავ მოიმატა. ხანძრის ახალი კერები ნახანძრალ ზონაში გაჩნდა.

ქვაბისხევის ფერდობმა სამაშველო ოპერაციის დროს ყველაზე რთული ზონის სტატუსი მიიღო. ფერდობი ძნელად მისადგომია, იქ სახმელეთო ტექნიკა და ცოცხალი ძალა გადაადგილებას მარტივად ვერ ახერხებს. სწორედ ამიტომ, ტერიტორიაზე მუშაობა ავიაციამ დილის 6 საათიდან განაახლა. 3 ვერტმფრენი 2 ტონიანი ავზებით წყალს მტკვრიდან იღებს და ხანძრის კერების დამუშავებაც ასე ხდება.

ქვაბისხევის ფერდობისგან განსხვავებით, მდგომარეობა შედარებით მსუბუქია სტიქიის ზონის დანარჩენ ორ სექტორზე. ცალკეულ ტერიტორიაზე დაკვამლიანება დილით ფიქსირდებოდა, თუმცა იქ მხოლოდ მცირე ზომის მასშტაბის აქტიური კერებია დარჩენილი. მოლოდინები პოზიტიურია, რადგან ხანძრის ქრობის პროცესი დასკვნით ფაზაშია გადასული.

სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებაზე, დღეს მთავრობის სხდომაზე, მთავრობის მეთაურმაც ისაუბრა. რამ გამოიწვია ხეობაში ხანძარი? - ეს კითხვა საზოგადოებასთან ერთად პრემიერსაც აქვს, ირაკლი ღარიბაშვილი გარკვეულ დივერსიულ მოქმედებებსაც არ გამორიცხავს და აცხადებს, რომ გამოძიებამ ყველა მიმართულებით და ყველა ვერსიაზე უნდა იმუშაოს.

ქვაბისხევის ფერდობის გარდა, განსაკუთრებული მონიტორინგის ქვეშაა ბორჯომის ხეობაში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. ცეცხლის კერა კვირიკე წმინდის ტაძრიდან დაახლოებით 150 მეტრის მოშორებით იყო, თუმცა ამ დროისთვის ეს საფრთხე მოხსნილია.

დღის ამბები