27 ნოემბერი 2024,   08:45
ვრცლად
უკრაინული ძალები ხერსონში კონტრიერიშზე გადავიდნენ და რუსეთის არმიის პირველი ხაზი გაარღვიეს - უკრაინული მედია

უკრაინული ძალები ხერსონში კონტრიერიშზე გადავიდნენ და რუსეთის არმიის პირველი ხაზი გაარღვიეს. ინფორმაცია უკრაინულ მედიაში ვრცელდება.

ცნობილია ისიც, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის ოლქში ჰაიმარსის ტიპის საარტილერიო სარაკეტო სისტემებით თითქმის ყველა დიდი ხიდი გაანადგურეს და მხოლოდ ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელებია დარჩენილი. როგორც ადგილობრივი მედია წერს ამ ნაბიჯით რუსეთის არმიას ყირიმის ტერიტორიიდან იარაღის გადატანის და პერსონალის გადაყვანის შესაძლებლობა წაართვეს.

მედიის ინფორმაციითვე ე.წ. "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" 109-ე პოლკის ჯარისკაცები პოზიციებიდან გარბიან, ვრცელდება დაჭრილი რუსი ჯარისკაცის ვიდეოც, სადაც ამბობს, რომ შეტევა ხორციელდება ტანკებით, არტილერიით, ავიაციით და საჯარისო ნაწილებით.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე გამაფრთხილებელი სისტემა მუშაობს, ისმის საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სიგნალების ხმა. უკრაინული უწყება ხერსონში აქტიური საბრძოლო მოქმედებების სიახლოვეს მყოფ მოსახლეობას მოუწოდებს თავი შეიკავონ გარეთ გამოსვლისგან და იპოვონ თავშესაფარი .

დღის ამბები