27 ნოემბერი 2024,   08:44
ვრცლად
ბორჯომში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა - რა ხდება ხეობაში ხანძრის გაჩენიდან მეცხრე დღეს

სტიქიაზე გამარჯვების მოლოდინში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება. ქრობის პროცესი დასკვნით ეტაპზე გადავიდა. სტიქიის მეცხრე დღეს, ცეცხლის დარჩენილი რამდენიმე მცირე მასშტაბის აქტიური კერა მუშავდება.

135 რეინჯერი, 160 მეტყევე და გარემოსდაცვითი უწყების 120 თანამშრომელი, სამაშველო სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა დანაყოფის წევრები - ტყის გადარჩენას ცოცხალი ძალა უწყვეტ რეჟიმში ცდილობს. პროცესში ჩართულია ავიაციაც.

პირველი შედეგი უკვე თვალსაჩინოა სტიქიის ეპიცენტრთან მდებარე სოფლებშიც. დასახლებულ პუნქტებზე ხანძრის გავრცელების რისკი მოხსნილია. მიმდებარე სოფლებში "კურიერს" ადგილობრივებმა უთხრეს, რომ წინა დღეებისგან განსხვავებით დაკვამლიანებაც აღარ შეინიშნება.

ბორჯომის ხეობაში ხანძარმა საკუთარი კვალი დატოვა. "კურიერი" ქვაბისხევის მიმდებარე ფერდობზე იმყოფებოდა. ამ ტერიტორიამ ხანძრის ეგრეთ წოდებული მესამე სექტორის სტატუსი მას შემდეგ მიიღო, რაც საგანგებო შტაბმა სტიქიის არეალი სამ ზონად დაყო. ყველაზე რთული სამუშაოები სწორედ ქვაბისხევის ფერდობზე მიმდინარეობდა.

ხეობა სტიქიის ზონად 9 დღის წინ იქცა. ხანძრის მასშტაბმა თითქმის 150 ჰექტარს მიაღწია. რომლის დიდი ნაწილი განადგურებულია.


დღის ამბები