27 ნოემბერი 2024,   08:53
ვრცლად
ქართული ინტერნეტსივრცე პირატული ფილმების გარეშე - რატომ გაითიშა მოპარული ფილმების გიგანტი საიტები

ბრძოლა ინტერნეტმეკობრეობის წინააღმდეგ დასკვნით ფაზაში გადადის. საქართველოში გიგანტი კინოსაიტების ფუნქციონირება უკვე შეჩერებულია, მოპარული კინოსურათების ჩვენება კი მაქსიმალურად აღკვეთილი. პირატული ფილმების ნახვა ქვეყანაში დღითიდღე რთულდება.

მართალია, ბაზარზე დღემდე რჩებიან შედარებით მცირე ზომის მოთამაშეები, თუმცა მათი მუშაობის არეალის შეჩერება მხოლოდ დროის საკითხია. მიზანი რამდენიმეწლიანი ბრძოლის შედეგად იქნა მიღწეული. საქართველო, რომელიც კინომეკობრეობით წლების განმავლობაში ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებდა, ახლა დასავლურ კინოინდუსტრიასთან მჭიდროდ დაკავშირების გზაზე დგას.

გიგანტური არალეგალური საიტების გათიშვის შემდეგ ბაზარზე Adjaranet.to გამოჩნდა. საიტი თავისი ვიზუალით, ლოგოთი და კონტენტით უკვე გათიშულ და ყველასთვის კარგად ცნობილ Adjanet.com-ს ჰგავს. საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი ვებგვერდის გათიშვაზე განცხადება არ გაუკეთებიათ, თუმცა საიტის ხელმძღვანელობას განმარტებების გაკეთება ახალი ვებგვერდის გამოჩენის შემდეგ მოუწია. კომპანიის წარმომადგენელმა გაურკვევლობაში მყოფ საზოგადოებას, პლატფორმა "ტიკტოკიდან" მიმართა.

"გამარჯობა, მინდოდა მეთქვა, რომ ეს საიტი, რაც გავრცელდა adjaranet.to ჩვენ არ ვართ და სამწუხაროდ ჩვენ ჯერ არ ვბრუნდებით. იმედი მაქვს ერთმანეთს მალე შევხვდებით, ასე რომ დროებით,"- განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა. 

მოპარული კონტენტის ინტერნეტ სივრცეში განთავსება კანონით აკრძალულია. ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო უფლებების დაცვა კომუნიკაციების კომისიას ევალება. სწორედ, მათ მიმართეს ქართულ ვებგვერდებიდან პირატულად მოპოვებული ფილმები აეღოთ.

დღის ამბები