"მოსკოვს ბაირაქტარებს არ მივყიდით" - ძმები ბაირაქტარები აცხადებენ, რომ უკრაინული წინააღმდეგობის სიმბოლოს - უპილოტო საფრენ აპარატებს მოსკოვს არანაირ ფასად არ მისცემენ.
კომპანიას და უკრაინას უკვე მრავალი წელია მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებთ. ძმები ბაირაქტარები უკრაინას მხარს ღიად უჭერენ და საბრძოლო დრონები პარტნიორი ქვეყნის მებრძოლებს რამდენჯერმე უსასყიდლოდაც გადასცეს.
უპილოტო საფრენი აპარატების გაყიდვის გადაწყვეტილებას იღებს, როგორც კომპანია, ასევე თურქეთი, მაგრამ როგორც ჩანს ბოლო სიტყვა ანკარას ეკუთვნის, რომელიც საგარეო პოლიტიკის ინტერესებს ითვალისწინებს.
მსოფლიო მედიაში თურქულ დრონებს ლეგენდის სახელით მოიხსენიებენ, რომ ბაირაქტარებმა უკვე შეცვალეს რამდენიმე ომის მიმდინარეობა.
"ჩვენთვის ფული პრიორიტეტული არ არის. უკრაინასთან ჩვენი მეგობრობა და თანამშრომლობა მრავალ წელს ითვლის. ამასთანავე არ აქვს მნიშვნელობა თუ რა რაოდენობის თანხას შემოგვთავაზებენ, გულწრფელად რომ გითხრათ ამ სიტუაციაში მოსკოვისთვის დრონების გადაცემაზე საუბარი არ შეიძლება. ამ პერიოდში ჩვენ უკრაინას სრულად ვუჭერთ მხარს. ჩვენ კავშირები ძალიან მჭიდროა. უკრაინა არის ძალიან უსამართლო, აგრესიული და უსაფუძვლო თავდასხმის ქვეშ. ამასთანავე ვერაფერი გადაფარავს ჩვენს თანამშრომლობას უკრაინასთან. ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ნათელია," - განაცხადა ბაირაქტარ ტექნოლოგიის გენერალურმა დირექტორმა ჰალუკ ბაირაქტარმა.