მთელი მსოფლიოს ყურადღება ახლა უკრაინის ერთ წერტილშია მიპყრობილი. ზაპოროჟიეს ოლქში ატომურ სადგურზე ავარიის საშიშროება ყოველდღიურად არსებობს. რუსული თავდასხმის შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები. სწორედ ამ მიზეზით, ისტორიაში პირველად, ეს ბირთვული ობიექტი გაჩერდა. რადიაციის გავრცელების საშიშროება სარეზერვო სისტემის ამოქმედებით აღმოიფხვრა.
ბირთვული საფრთხე აქტიურია ვიდრე სადგურს რუსული მხარე აკონტროლებს - ეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაა. რადიაციული გაჟონვის თავიდან აცილების პროცესში საერთაშორისო ატომური სააგენტო ჩაერთვება. ორგანიზაციის ინსპექტირების ჯგუფი სადგურის ტერიტორიაზე შესვლას და იქ არსებული მდგომარების შესწავლას გეგმავს.
რადიაციის გაჟონვის საფრთხის პარალელურად, რუსეთი შეტევებს არ წყვეტს. აგრესორის ძირითადი სამიზნე კვლავ აღმოსავლეთ უკრაინაა. ინტენსიური იერიშები გრძელდება ხარკოვის მიმართულებით. ბოლო თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა. იერიში გრძელდება დონეცკზეც. ოკუპანტმა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში მხოლოდ დნეპროპეტროვსკზე გრადის ტიპის რაკეტებით თავდასხმა რამდენჯერმე განახორციელა.
თავდაცვის რეჟიმში მყოფ ქვეყანაში უკვე ალაპარაკდნენ იმაზეც, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მეოთხე ეტაპი დაიწყო. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ბრძოლის სამი ეტაპი უკვე გავლილია. ალექსეი არესტოვიჩის განმარტებით, ეს ეტაპი ორიდან სამ თვემდე პერიოდი გაგრძელდება.
საპასუხო დარტყმებს იღებს რუსეთიც. დღეს ლუჰანსკის ოლქის ოკუპირებულ კადიევკაში უკრაინელმა მებრძოლებმა იერიში განახორციელეს აგრესორის ბაზაზე. სამხედროებმა სასტუმრო "დონბასს" დაარტყეს. სწორედ აქ იყვნენ რუსი სამხედროები. ლიკვიდირებულია საჰაერო სადესანტო ჯარების 200 სამხედრო. ინფორმაციას ლუგანსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს.
უკრაინა განაგრძობს ომის დანაშაულების აღწერას. გენერალური პროკურატურის განმარტებით, ქვეყანაში რუსეთის შეჭრიდან აგრესორმა 30 000-ზე მეტი სამხედრო დანაშაული ჩაიდინა. ამასთან ერთად, ოფიციალური მონაცემების მიხედვით, აგრესორის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის მისამართით იერიშის მიტანის შედეგად გარდაიცვალა 376 ბავშვი, 733 კი დაიჭრა.