საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ გავრცელებული ინფორმაცია თითქოს №6 პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობს 75 მსჯავრდებული არის არსებული რეალობის უხეშად დამახინჯების მცდელობა, – ამის შესახებ აღნიშნულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.
როგრც განცხადებაშია აღნიშნული, მოშიმშილე მსჯავრდებულები იმყოფებიან ჯანმრთელობის ყოველდღიური მონიტორინგისა და სამედიცინო პერსონალის განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ.
"შიმშილობის მიზეზად დასახელებულია არსებული სარეჟიმო პირობები და არასაკმარისი სამედიცინო მომსახურება.
ინფორმაციისთვის, N6 პენიტენციური დაწესებულება არის დახურული ტიპის დაწესებულება, რომელშიც განთავსებულნი არიან მაღალი და მომეტებული რისკის მქონე პატიმრები.
სამედიცინო პერსონალი მსჯავრდებულებს 24-საათიან რეჟიმში უწევს სამედიცინო მომსახურებას. საჭიროებისამებრ, ისინი უზრუნველყოფილნი არიან სამოქალაქო სექტორის კლინიკებიდან მოწვეული ვიწრო პროფილის ექიმ-სპეციალისტების კონსულტაციითაც. გეგმური სტაციონარული მომსახურებისთვის, ჯანმრთელობის მდგომარების ობიექტური შეფასების საფუძველზე, რეგისტრირდებიან რეფერალთა ელექტრონულ ბაზაში და რიგითობის მიხედვით მიეწოდებათ შესაბამისი სამედიცინო სერვისები, გადაუდებელ შემთხვევაში – დაუყოვნებლივ.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში აღნიშნული დაწესებულებიდან 21 მსჯავრდებულს გაეწია სამედიცინო მომსახურეობა დაწესებულების გარეთ.
N6 პენიტენციური დაწესებულების დებულების შესაბამისად, მსჯავრდებულებს არ აქვთ უფლება ერთმანეთს ფიზიკურად შეხვდნენ და გაცვალონ კორესპონდენცია/ინფორმაცია. შესაბამისად მედიაში გავრცელებული პატიმართა ე.წ. ერთობლივი განცხადება, არ შეესაბამება სიმართლეს და ის ერთი კონკრეტული მსჯავრდებულის მიერ არის შედგენილი. ხოლო აღწერილი ბრალდებები და სხვა პირების გვარებიც მისივე მითითებული.
სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს ყველა მედიასაშუალებას, საზოგადოების დეზინფორმაციის თავიდან არიდების მიზნით, თავი შეიკავონ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან“, – აღნიშნულია განცხადებაში.