27 ნოემბერი 2024,   08:57
ვრცლად
ცეცხლის ახალი კერები ბორჯომის ხეობაში და ძლიერი დაკვამლიანება დასახლებულ პუნქტებში - სტიქიის ზონაში დღეიდან თურქული ავიაცია მუშაობს

ბორჯომის ხეობაში ხანძრის ახალი კერებია. ამის პარალელურად კი, ადგილზე ავიაციის რაოდენობა იზრდება. 

8 ტონიანი ავზის მქონე თვითმფრინავი სამაშველო ოპერაციაში დილიდან ჩაერთო. დღის მეორე ნახევრიდან კი, მათი რაოდენობა სამამდე გაიზრდა. ხანძრის ქრობის პროცესში დასახმარებლად სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავები საქართველოში ჩვენი მთავრობის მიმართვის საფუძველზე, პირადად თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის გადაწყვეტილებით გამოიგზავნა.

ცეცხლის არეალის გაფართოებასთან ერთად იზრდება დასახლებულ პუნქტებში ხანძრის რისკიც. ახლა სტიქიასთან ყველაზე ახლოს სოფელი აწყურია. ძლიერი დაკვამლიანების მიუხედავად, ამ ეტაპზე სოფელს საფრთხე არ ემუქრება.

მეხუთე დღეა ხანძარს მეხანძრე-მაშველები უწყვეტ რეჟიმში, დღე-ღამის განმავლობაში ებრძვიან. სამაშველო პროცესს მაღალი ტემპერატურა, რთული რელიეფი და ძლიერი ქარი ართულებს.

მესამე დღეა ქრობის პროცესში აქტიურად არიან ჩართულები სამხედროებიც. ყველა აქტიურ და ძნელად მისადგომ კერამდე მისასვლელი გზა მაშველებს მძიმე ტექნიკის დახმარებით გაჰყავთ.

სამაშველო ოპერაციის პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და იმ რისკებს ახსენებს, რაც შესაძლოა ადამიანების დაუდევრობას მოჰყვეს.

სტიქიის მეხუთე დღეს ხანძრის არეალი გასულ დღესთან შედარებით გაორმაგებულია. თუ ოთხი დღის განმავლობაში ცეცხლმა 150 ჰექტარი ტყის მასა გაანადგურა, დღეს სტიქია უკვე 300 ჰექტარზეა გავრცელებული.

ავტორი: სანდრო სანაია. 

დღის ამბები