უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეგრამის საკუთარ არხზე გაავრცელა. მოგვიანებით კი მედიაში გავრცელდა ფოტოები და ვიდეოკადრები, თუ როგორ გადაადგილდებიან ჯონსონი და ზელენსკი კიევის ცენტრში.
"მოხარული ვარ, მივესალმო უკრაინის დიდ მეგობარს, ბორის ჯონსონს, დამოუკიდებლობის დღეს. ბორის, მადლობა ჩვენი ქვეყნის უკომპრომისო მხარდაჭერისთვის რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის პირველივე დღეებიდან, უკრაინის ინტერესების მტკიცე დაცვისთვის.
ჩვენს სახელმწიფოს გაუმართლა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ჰყავს ასეთი მეგობარი“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
არსებობს ვარაუდი, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალები განსაკუთრებით გააქტიურდებოდნენ უკრაინის ეროვნული დღესასწაულების დღეებში, ამიტომ სარაკეტო თავდასხმის საფრთხის გამო 23 და 24 აგვისტო და მიმდინარე კვირა ამ მხრივ ყველაზე საშიშ პერიოდად იქნა მიჩნეული.
უკრაინის თითქმის ყველა რეგიონში, მათ შორის კიევშიც დრეს არაერთხელ გაისმა განგაშის სიგნალი. ამის მიუხედავად, 23 აგვისტოს, სამშაბათს დილით კიევში პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა ჩავიდა, დღეს კი, 24 აგვისტოს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი.