27 ნოემბერი 2024,   08:51
ვრცლად
შუა დერეფანი აზიისა და ევროპის მნიშვნელოვან დამაკავშირებელ რგოლს წარმოადგენს, თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია - ლევან დავითაშვილი

ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის მაღალი დონის კოორდინაცია სატრანსპორტო, ე.წ. შუა დერეფნის განვითარების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია. 

აღნიშნული განცხადება მან დღეს, თბილისში გამართული სამმხრივი შეხვედრის შემდეგ გააკეთა, რომელზეც სამი ქვეყნის მინისტრებმა საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სატრანსპორტო დერეფნის განვითარებისა და კონკურენტუნარიანობის ზრდის საკითხები განიხილეს.

ლევან დავითაშვილის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო სამმხრივი შეხვედრა თურქეთისა და აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრების მონაწილეობით და ამ ფორმატში იმ საკითხების განხილვა, რომლებიც დღეს ძალიან აქტუალური გახდა. მინისტრის განმარტებით, საუბარი შეეხო შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის საკითხს, რომ რეგიონში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გაზრდილი სატვირთო ნაკადების ოპტიმალურად გადაზიდვა მოხერხდეს

"სატრანსპორტო, ე.წ. შუა დერეფნის განვითარების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია მაღალი დონის კოორდინაცია საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის, რათა ვიყოთ კიდევ უფრო კონკურენტუნარიანები, მოვიზიდოთ მეტი ტვირთი. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს ტვირთები კორიდორში დარჩეს ხანგრძლივი დროით. შესაბამისად, შევთავაზოთ უფრო უკეთესი პირობები ჩვენს კლიენტებს, ზოგადად, შუა დერეფანი აზიისა და ევროპის მნიშვნელოვან დამაკავშირებელ რგოლს წარმოადგენს. შესაბამისად, თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობა სატრანზიტო, სატრანსპორტო, ლოგისტიკური მიმართულებით უმნიშვნელოვანესია," – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

დღის ამბები