27 ნოემბერი 2024,   08:58
ვრცლად
უკრაინაში დროშის დღე ოკუპანტების საჰაერო იერიშის ფონზე აღინიშნა - დამოუკიდებლობის დღისთვის, შეტევების გახშირებას ვარაუდობს ვოლოდიმირ ზელენსკი

რუსული აგრესიის 181-ე დღე უკრაინაში კვლავ ოკუპანტების საჰაერო იერიშით დაიწყო. სამიზნე ისევ ზაპოროჟიეს რეგიონია, სადაც ევროპის ყველაზე დიდი ატომური სადგური მდებარეობს. რუსული რაკეტების სამიზნეა ნიკოპოლი, კრივოი რიგი და სინელნიკოვსკიც გახდა, სადაც საარტილერიო დაბომბვის შედეგად მძიმე დაზიანება, სულ მცირე 4-მა მშვიდობიანმა მოქალაქემ მიიღო.

ომში მყოფი ქვეყანა დამოუკიდებლობის დღისთვის განსაკუთრებით ემზადება და უსაფრთხოების ზომებიც უფრო გაძლიერებულია. მომდევნო დღეების განმავლობაში, ოკუპანტების შეტევების გახშირებას ვარაუდობს ვოლოდიმირ ზელენსკი. უკრაინის მთავარსარდალმა 24 აგვისტოსთან დაკავშირებით, დედაქალაქში ყველა საჯარო ღონისძიება და ხალხმრავალი შეკრება აკრძალა.

უკრაინაში მყოფ საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიც. შტატები რუსული შეტევის გამძაფრებას და ინფრასტრუქტურულ შენობებზე შეტევებს აანონსებს და ამერიკელებს მოუწოდებს, დატოვონ ქვეყნის ტერიტორია.

დღეს, უკრაინამ სახელმწიფო დროშის ოფიციალურ დღე აღნიშნა. ლურჯ-ყვითელი ფერები ჯერჯერობით არ ფრიალებს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის ყირიმის ნახევარკუნძულზე, სადაც ბოლო დღეების განმავლობაში აფეთქებების გახშირებულ სერიას პრეზიდენტის ადმინისტრაცია გამოეხმაურა.
მიხაილო პოდოლიაკი ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე გაურკვეველი და მოულოდნელი თავდასხმების რაოდენობის გაზრდას აანონსებს. პოდოლიაკი იმასაც ამბობს, რომ ყირიმის ნახევარკუნძულზე მომხდარმა არაერთმა აფეთქებამ უნდა ჩააგდოს არამხოლოდ წლევანდელი საზღვაო სეზონი, არამედ მოპარულ ტერიტორიაზე ოკუპანტების ცხოვრება შეუძლებელი გახადოს.

აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს დონეცკის, ლუჰანსკისა და ხერსონის ოლქების მიმდებარე ტერიტორიაზე. რუსული არტილერიის მხრიდან, გამუდმებით იბომბება ხარკივის რეგიონიც.


ავტორი: სანდრო სანაია

დღის ამბები