27 ნოემბერი 2024,   08:51
ვრცლად
ბადრაგის შეცდომა და სამი გასროლა ფსიქიატრიულში, რომელიც მძიმე შედეგით დასრულდა - რას ამბობს  ოფიცერი, რომელსაც პატიმარმა იარაღი ამოაცალა

დღეს, სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებაში ბრალდებული ესკორტის ოფიცრის, ვალერი გოზალიშვილს სასამართლო პროცესი გაიმართა, რომელზეც მოსამართლეს აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება.

საქმე ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მომხდარ ინციდენტს ეხება, რა დროსაც პატიმარმა გურამ სვანიძემ ე.წ. კაბურიდან ესკორტის თანამშრომელს ცეცხლსასროლი იარაღი ამოაცალა და რამდენიმე გასროლა განახორციელა.

ესკორტის თანამშრომელმა, ვალერი გოზალიშვილმა სასამართლო პროცესზე სიტყვის უფლებით ისარგებლა და თქვა, რომ 20 აგვისტოს მომხდარს ნანობს. ამ მიმართვის შემდეგ, მოსამართლემ გადაწყვეტილება დარბაზშივე მიიღო და სამსახურეობრივ გულგრილობის ბრალდებით დაკავებულს, აღკვეთის ღონისძიებად ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილებამდე დაცვის მხარე პროცესზე ითხოვდა, რომ მოსამართლეს ბრალდებულის ასაკი და ოჯახური მდგომარეობა გაეთვალისწინებინა. საქმის პროკურორები კი აღმკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვების შემთხვევაში შესაძლო რისკებზე აკეთებდნენ აქცენტს. ბრალდება დარწმუნებული იყო, რომ გოზალიშვილს გათავისუფლების შემთხვევაში, შესაძლოა, მოწმეებზე ზეწოლა მოეხდინა ან მიმალულიყო.

უკვე ცნობილია, რომ დაკავებულის ინტერესების დამცველები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, სააპელაციოში გაასაჩივრებენ.

გურამ სვანიძის დაჭრის ფაქტზე, სამართალდამცველებმა პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცერი გუშინ დააკავეს. მოგვიანებით, სპეციალურმა სამსახურმა ფსიქიატრიული დაწესებულების მესამე სართულზე დამონტაჟებული ვიდეოკამერების ჩანაწერები მედიის წარმომადგენლებს გადასცა. კადრებში ჩანს, როგორ აცლის პატიმარი საბადრაგო სამსახურის თანამშრომელს სპეციალური ქამრიდან საშტატო იარაღს, ისვრის ორჯერ, მესამე გასროლით კი 28 წლის პაციენტი უკვე თვითმკვლელობას ცდილობს. ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში თავსი არეში გამჭოლი ჭრილობით, ამ დრომდე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.

მძიმე სანახავი იყო ეს კადრები გურამ სვანიძის ოჯახისთვის. პაციენტის დედა "კურიერთან" ამბობს, რომ მთავარი ახლა გამოძიების შედეგი და დამნაშავის დასჯაა.

მაღალი საჯარო ინტერესი - ეს იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა კლინიკის დერეფანში გადაღებული კადრები გაასაჯაროვა. უწყებაში გავრცელებულ ჩანაწერებზე განმარტებები გაკეთდა.

დანიშნულია ექსპერტიზები, გრძელდება ასევე იმ პირების გამოკითხვაც, რომლებიც სროლის დროს შემთხვევის ადგილას იმყოფებოდნენ. გამოძიება 342-ე მუხლით მიმდინარეობს და სამსახურეობრივ გულგრილობას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. საქმეზე ერთი პირია დაკავებული.  ბრალის დამტკიცების შემთხვევში, 24 წლის ვალერი გოზალიშვილს, 2-5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები