სხდომის დატოვების გადაწყვეტილება ”ნაციონალურმა მოძრაობამ” საკითხის განხილვის დაწყებიდან დაახლოებით ორ საათში მიიღო. საკრებულოს უმცირესობამ ბოიკოტი ზღვისპირა ქალაქის ბულვარის დაცვისა და განვითარების გენ-გეგმას გამოუცხადა. დეპუტატები დარბაზიდან კენჭისყრის დაწყებამდე გავიდნენ.
ხმის მიცემას წინ გეგმის ხმაურიანი განხილვა უძღოდა. მმართველი გუნდის დეპუტატებს ძირითად ოპონირებას ნაციონალური მოძრაობა უწევდა. ოპოზიციას პროტესტი დოკუმენტის მხოლოდ ერთ ნაწილთან დაკავშირებით აქვს, პარტია ბულვარის ტერიტორიაზე კონკრეტული მრავალსართულიანი ნაგებობის მშენებლობას ეწინააღმდეგება. ისინი ამტკიცებენ, რომ ექსპერტების დასკვნის მიხედვითაც სასტუმრო ამბასადორი ბულვარის გენერალურ გეგმასთან შეუსაბამოა.
სხდომათა დარბაზი არ დაუტოვებიათ, თუმცა კენჭისყრის დროს დოკუმენტს მხარი არ დაუჭირეს ოპოზიციური პარტიების სხვა დეპუტატებმა. განხილვას სამოქალაქო აქტივისტებიც ესწრებოდნენ. მათ მიაჩნიათ, რომ თვითმმართველ ორგანოს ბულვარის ტერიტორიაზე მშენებლობა დაუშვებლად უნდა ეცნო.
სხდომათა დარბაზის დატოვებისა თუ ბოიკოტის მიუხედავად, პროექტი საკრებულომ მაინც დაამტკიცა. უმრავლესობამ გადაწყვეტილება ოპოზიციისგან საპირისპირო არგუმენტით მიიღო. მმართველი გუნდი ამბობს, რომ ბულვარის განაშენიანების გენერალური გეგმა კანონის შესაბამისად არის დამტკიცებული. საკრებულოს თავმჯდომარემ განმარტა, რომ გეგმის დამტკიცების მიუხედევად ”ამბასადორის მშენებლობის” საკითხი ღია დარჩება, იქამდე სანამ სასამართლო დავა არ დასრულდება. 21 სართულიანი შენობის მშენებლობის შეჩერება სასამართლოს გზით სამოქალაქო საზოგადოება ”ბათომმა” მოითხოვა.
ბათუმის ბულვარის დაცვისა და განვითარების გეგმის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს დღეს, აჭარის კულტურის სამინისტროც გამოეხმაურა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს ამბასადორის ადგილზე ცათამბჯენების აშენება და საზაფხულო თეატრის ნაცვლად მაღალსართულიანი კორპუსის ჩადგმა იგეგმებოდა, დღეს კი საკრებულომ ბათუმელების ინტერესი გაითავლისწინა.
დაცვისა და განვითარების გენერალური გეგმა ბათუმის მთლიან ბულვარს მოიცავს. ზღვისპირა ქალაქის სანაპირო ზოლის მნიშვნელოვანი ნაწილის განვითარება და არსებული კულტურული მნიშვნელობის ღირებულებების შენარჩუნება სწორედ ამ დოკუმენტის მიხედვით იქნება განსაზღვრული.