27 ნოემბერი 2024,   08:50
ვრცლად
მმართველი გუნდის შეთავაზება და არასამთავრობო ორგანიზაციების პასუხი - რა შემთხვევაში ჰპირდება პარლამენტის თავმჯდომარე "სამართლიან არჩევნებს", 12 რეკომენდაციის შესასრულებლად შექმნილ სამუშაო ჯგუფებში დაბრუნებას

რა შემთხვევაში გაგრძელდება "ისფედის" ჩართულობა ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესასრულებელ სამუშაო ჯგუფებში - პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციის ხელახალი ინტეგრაცია დამოკიდებულია მათ სურვილზე, გაემიჯნონ საკუთარვე პოლიტიკურ მოთხოვნებს. შალვა პაპუაშვილის განმარტებით, "სამართლიანმა არჩევნებმა" საზოგადოებას პასუხი უნდა გასცეს, კვლავ აყენებენ ულტიმატუმს და აქვთ პარლამენტის მიმართ მოთხოვნა, მთავრობის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით, თუ ხსნიან ამ მოთხოვნას.

იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაცია ივნისში, აქციებზე წამოყენებულ წინაპირობას - ტექნიკური მთავრობის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით გაემიჯნება, მმართველი გუნდი მზადაა არასამთავრობო სამუშაო ჯგუფში დაუშვას. შალვა პაპუაშვილმა დღეს კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ხელისუფლების გადაყენებისა და პოლიტიკური ულტიმატუმების ავტორ ენჯეოსთან, სხვა შემთხვევაში მუშაობა გართულდება.

სპიკერის შეთავაზებას მალევე ულტიმატუმი უწოდეს "სამართლიან არჩევნებში". ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა თქვა, რომ ივნისში აქციებზე სხვა არასამთავრობოები იყვნენ, შესაბამისად "ისფედის" გამოყოფა, უსამართლო შერჩევითობაზე მიუთითებს. ნინო დოლიძის განმარტებით, აქციებზე მესამე სექტორი მხოლოდ ქვეყნის ევროპული კურსის მხარდასაჭერად იდგა. "ისფედის" პოზიციას მესამე სექტორის სხვა წარმომადგენლებიც იზიარებენ, რომლებიც სოლიდარობის ნიშნად საპარლამენტო ჯგუფებში მუშაობის პროცესს საკუთარი სურვილით დროებით გამოეთიშნენ.

მესამე სექტორის პოზიციას იზიარებს ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად შექმნილ საპარლამენტო ჯგუფებში მუშაობაზე უარს თავადაც აცხადებს. მიუხედავად ამისა, მათი აზრით, ევროინტეგრაციის გზაზე წვრილმანებისა და წარსულის გახსენების დრო არ არის.

ოპონენტებსა და არასამთავრობოებს დღის მეორე ნახევარში მმართველი გუნდიდან უპასუხეს. საპარლამენტო უმრავლესობა კრიტიკოსებს უახლოეს წარსულს და ფაქტებს ახსენებს. დეპუტატები "სამართლიანი არჩევნებისგან" მეტ კონკრეტიკას და ივნისში გაჟღერებული მოთხოვნებისგან მკაფიო გამიჯვნას ითხოვენ. მათი თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში, ხელისუფლება მზადაა ევროპული რეკომენდაციების საპარლამენტო იმპლემენტაცია დროულად მოახდინოს.

დაუბრუნდება თუ არა საპარლამენტო სამუშაო ჯგუფებს მესამე სექტორის ნაწილი ჯერჯერობით უცნობია. ევროკომისიის მიერ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად გაცემული 12 რეკომენდაციის შესასრულებლად საპარლამენტო უმრავლესობა, ოპოზიციის ნაწილი და არასამთავრობოები უკვე მეორე თვეა მუშაობენ.

დღის ამბები