27 ნოემბერი 2024,   08:58
ვრცლად
სამწლიანი პაუზის შემდეგ ნაწილობრივ გახსნილი ე.წ. გამშვები პუნქტები - ადამიანები, რომლებიც ოჯახის წევრებთან შეხვედრას ამ დროის განმავლობაში ელოდნენ

თითქმის სამ წლიანი პაუზის შემდეგ ადგილობრივი მცხოვრებლები ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილ სახლებს დროებით უბრუნდებიან. ცხინვალის მიმართულებით გადაადგილებაზე დაწესებული უკანონო შეზღუდვები რამდენიმე დღით შემსუბუქდა. მცხოვრებლებს კონტროლირებადიდან-ოკუპირებულ ტერიტორიამდე მიმოსვლა ყოველი თვის 20 რიცხვიდან თვის ბოლომდე შეეძლებათ. მათი განმარტებით, ამ პერიოდის განმავლობაში ისეთი საჭიროების მიღებას შეძლებენ, რაც ადგილზე ამ დრომდე მთავარი პრობლემა და დეფიციტია.

ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები 1000-მდე ადამიანისთვის მთავარ გამოწვევად სატრანსპორტო და სამედიცინო პრობლემა რჩება. გამგებლის შეფასებით, გადაადგილების შემსუბუქების გადაწყვეტილებაზე საბოლოო სიტყვა დე ფაქტო ხელისუფლებას ეთქმის, თუმცა პროცესში დიდია ხელისუფლების და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა.

გადაადგილების შემსუბუქების პარალელურად, მძიმდება უკანონო ბორდერიზაციის პროცესი ოკუპანტებისგან. სოფელ ოქონასა და გრემისხევში ე.წ. საზღვრის მიმდებარედ უკანონო კონსტრუქციების აღმართვა ამ დრომდე გრძელდება. ადგილობრივების ინფორმაციით, საფრთხე ყოველდღიურია, ხშირია გატაცების შემთხვევებიც.

ოკუპირებული ახალგორისა და ჯავის მოსახლეობას ამ რეჟიმით გადაადგილება მიმდინარე წლის ბოლომდე შეეძლებათ.

დღის ამბები