უმუშევრობა საქართველოს მოსახლეობის მიერ უკვე არაერთი წელია მთავარ პრობლემად სახელდება, თუმცა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები ადასტურებს, რომ ამ გამოწვევასთან ბრძოლის ტენდენცია პოზიტიურია. საქსტატის მიხედვით, 2022 წლის მეორე კვარტალში, ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებელი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4 პროცენტითაა შემცირებული. უმუშევრობის დონე ახლა 18.1 პროცენტია, მაშინ, როცა 2021 წელს, ეს პარამეტრი თითქმის 22 პროცენტს უტოლდებოდა. საქსტატის მონაცემების თანახმად, გაზრდილია როგორც დაქირავებით დასაქმებულთა, ასევე, თვითდასაქმებულთა რიცხვი.
უმუშევრობის დონე წინა წელთან შედარებით შემცირებულია როგორც ქალაქებში, ასევე სოფლებში. საქსტატის მონაცემებს მთვარობის ეკონომიკურ გუნდში სწორი ეკონომიკური პოლიტიკით ხსნიან.
ის, რომ დაქირავებით დასაქმებულთა რიცხვი 2022 წლის მეორე კვარტალში 36 000 -ზე მეტით გაიზარდა, კომიტეტის თავმჯდომარისთვის დასტურია, რომ ბიზნესი ქვეყანაში ვითარდება. უმუშევრობის წლიური მაჩვენებელი 2010-2012 წლებში 27 პროცენტის ფარგლებში იყო. ეკონომისტები შემცირებას კიდევ ელოდებიან.
საქსტატის მიერ დათვლილ ციფრებს აფასებენ ეკონომიკის სფეროს ექსპერტებიც. სპეციალისტები ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებლის შემცირებას მაკროეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას უკავშირებენ, ფიქრობენ რომ პარამეტრები პირდაპირ ისახება ისეთ მნიშვნელოვან ფაქტორზე, როგორიც სამუშაო ძალაა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, უმუშევრობის დონე თითქმის ერთნაირად შემცირდა როგორც გენდერულ, ისე ტერიტორიულ ჭრილში.
ავტორი: სანდრო კაჭახიძე