27 ნოემბერი 2024,   08:52
ვრცლად
სოფლის მეურნეობის მინისტრი სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებულ პროექტებს ეცნობა

სოფლის მეურნეობის მინისტრი სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებულ პროექტებს ეცნობა. აგრო ტურის ფარგლებში ოთარ შამუგია გურიაში ჩავიდა და თხილის პლანტაციები დაათვალიერა. სახელმწიფომ ათასობით ლარით დააფინანსა ჩაის ექსპერიმენტული პლანტაციებიც. 

გურიაში ჩასული მინისტრი სოფელ ჩოხატაურსაც ეწვია, სადაც თხილის გადამამუშავებელი ახალი საწარმო დაათვალიერა. კომპანია "მეგაგრო" თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმოა, სადაც წლიურად, 300-500 ტონამდე თხილის გადამუშავებაა შესაძლებელი. საწარმოში 20 ადამიანია დასაქმებული.

ის, რომ სახელმწიფოსთვის აგროტურიზმის განვითარება პრიორიტეტს წარმოადგენს, ოზურგეთში არსებული თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ჩაის გადამამუშავებელი საწარმო მოწმობს. "ლაითურის ჩაის საექსპერიმენტო კომპანია", "ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამის" ბენეფიციარია და 28 ჰა ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციისთვის სახელწიფო გრანტი 52 000 ლარის ოდენობით აქვს მიღებული.

სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერამ ქართველ მეჩაიე ფერმერებს ბიძგი მისცა ჩაის ფოთლის წარმოების თანამედროვე ტექნოლოგია დაენერგათ. 

სახელმწიფო სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში მეწარმეებისა და ფერმერების ფინანსურ მხარდაჭერას აგრძელებს. სოფლის მეურნეობის მინისტრი კი გურიის შემდეგ სხვა რეგიონებსაც მოინახულებს.

დღის ამბები