27 ნოემბერი 2024,   08:50
ვრცლად
ვინ შეცვლის ნინო ლომჯარიას - კანდიდატების ვინაობა ჯერ კიდევ უცნობია

ვინ ჩაანაცვლებს ნინო ლომჯარიას წლის ბოლოს - ახალი სახალხო დამცველის კანდიდატების ვინაობა ჯერ კიდევ უცნობია. ომბუდსმენის კანდიდატურის დამტკიცებას, ხელისუფლებისა და ოპოზიციის საერთო კონსენსუსი​ სჭირდება. იქამდე, სანამ პოლიტიკოსები ერთ კანდიდატზე შეჯერდებიან, სახალხო დამცველის შესარჩევად მესამე სექტორი პოლიტიკურ პარტიებს საკანონმდებლო ორგანოში, ახალ ინიციატივას სთავაზობს. 40-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია კონსულტაციების შემდეგ, ომბუდსმენის რამდენიმე კანდიდატს პოლიტიკოსებს შესთავაზებს, რის შემდეგაც, სურვილის შემთხვევაში, დეპუტატები ამ კანდიდატების პარლამენტში განხილვას შეძლებენ.

სახალხო დამცველს კანონმდებლობის მიხედვით, პარლამენტი ამტკიცებს. ომბუდსმენის თანამდებობაზე დასანიშნად საჭიროა 90 ხმა, თუმცა ხმათა ეს რაოდენობა საკანონმდებლო ორგანოში არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ აქვს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ საკითხზე კონსულტაციები საერთო კონსენსუსის მისაღწევად დაიწყება. მათი თქმით, პროცესში ჩაერთვება მესამე სექტორიც, თუმცა მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ ამან პოლიტიკური ჯგუფების როლი სახალხო დამცველის შერჩევის პროცესში, არ უნდა შეასუსტოს.

საუკეთესო კანდიდატის შესარჩევად კონსულტაციებისთვის მზად არიან ხელისუფლების ოპონენტები, რომლებიც ასევე იზიარებენ არასამთავრობო სექტორის ინიციატივას. მიიჩნევენ, რომ მსგავსმა პრაქტიკამ მოქმედი ომბუდსმენის დანიშვნისას იმუშავა. შესაბამისად აქვთ მოლოდინი, რომ ამ შემთხვევაშიც გაამართლებს, თუმცა, ამჯერად, მათი თქმით, საჭიროა "ქართული ოცნების" მზაობა.

"ქართულ ოცნებაშიც" თანხმდებიან, რომ კანდიდატის დასამტკიცებლად საერთო კონსენსუსია საჭირო, თუმცა მათივე თქმით, სახალხო დამცველის არჩევის პროცესში პარლამენტი კანონის შესაბამისად იმოქმედებს.

მოქმედ სახალხო დამცველს თანამდებობაზე ყოფნის ვადა წლის ბოლოს ეწურება. შესაბამისად საქართველოს პარლამენტმა ახალი ომბუდსმენი საშემოდგომო სესიაზე უნდა დაამტკიცოს. სახალხო დამცველის შერჩევის საკითხი გაწერილია 12 რეკომენდაციაშიც.

 

დღის ამბები