27 ნოემბერი 2024,   08:59
ვრცლად
კელი დეგნანი ოთხეულის წერილებს პასუხობს - "ოცნებიდან" წასული დეპუტატების რეაქცია ელჩის განცხადებაზე და მმართველი გუნდის შეფასებები

”ქართული ოცნებიდან” წასული დეპუტატების კრიტიკას, ადრესატმა კრიტიკითვე უპასუხა. კელი დეგნანმა "ოცნებიდან" გასული ოთხეულის ბრალდებებს უსაფუძვლო და კონსპირაციული უწოდა. ამერიკის ელჩის თქმით, განცხადებები, თითქოს დასავლეთი პოლარიზაციას უწყობს ხელს, სიცრუეა. დიპლომატი დეპუტატებს ურჩევს, ბოლო წლების პოლიტიკური პროცესები გაიხსენონ, რამაც მისი მტკიცებით, პოლარიზაცია გააღრმავა.

კელი დეგნანის პასუხები ოთხეულის ნაწილისთვის კრიტიკის ახალი მიზეზი გახდა. 20 ივნისთან დაკავშირებით გაკეთებული შეფასება, სოზარ სუბარმა კელი დეგნანისა და სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციების აცდენაადაც მიიჩნია. მათი მმართველი გუნდისგან გამიჯვნაზე ეჭვებს, მთავარი საკითხიდან აქცენტის გადატანა უწოდა.

ამერიკის ელჩმა დღეს "ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატების სხვა ბრალდებასაც უპასუხა - ცდილობს თუ არა შტატების საელჩო სასამართლო რეფორმის პროცესში პარლამენტს ინსტრუქციები მისცეს. კელი დეგნანის თქმით, ქართული მართლსაჯულების სისტემის გაუმჯობესებისთვის, ათწლეულების განმავლობაში არაერთი კონკრეტული ნაბიჯი გადაიდგა და მომავალშიც დაგეგმილია. შესაბამისად, უკვირს, თუ რატომ გახდა შტატების დახმარება ამ ნაწილში დღეს მიუღებელი.

სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, საელჩოს მიერ მომზადებულ დოკუმენტზე, კითხვები  "ოცნების დეპუტატების" ნაწილსაც აქვს. ნაწილი კი ამბობს, რომ ზოგიერთ პუნქტთან დაკავშირებით, პოზიციების დაახლოვება შესაძლებელია.

ელჩის პასუხებით "ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატები ტრადიციულად უკმაყოფილო დარჩნენ. 

მმართველი პარტიიდან გასული დეპუტატების მიერ არჩეულ გზას, საფრთხის შემცველად მიიჩნევენ ოპოზიციაში. პოლიტიკურ პარტიებში აცხადებენ, რომ მაინც არ შეიცვლება პარტნიორებთან ურთიერთობა და საზოგადოების სურვილი - ქვეყანა ევროპული ოჯახის წევრი გახდეს.

"ქართული ოცნების" დეპუტატები ამბობენ, რომ ამერიკის საელჩოს რეკომენდაციებზე მსჯელობა იქნება, თუმცა, მიუღებელია ფრაზები, რომელიც დღეს კელი დეგნანმა პოლიტიკური პროცესების აღწერისას გამოიყენა და ამბობენ, რომ ეს დიპლომატიის ენას სცილდება.

"ქართული ოცნებიდან” გასულმა ოთხეულმა მორიგი კრიტიკული წერილი ამერიკის საელჩოს მიმართ გუშინ გაასაჯაროვა, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ საჭიროების შემთხვევაში ანალოგიური წერილი მომავალშიც გაასაჯაროონ.

დღის ამბები