27 ნოემბერი 2024,   08:45
ვრცლად
"ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატების მორიგ განცხადებას, ოპოზიციაში მწვავე შეფასებები მოჰყვა - მათი აზრით, ოთხეული მმართველი გუნდის პოზიციას ახმოვანებს 

"ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატების მორიგ განცხადებას, ოპოზიციაში მწვავე შეფასებები მოჰყვა.

ხელისუფლების ოპონენტების აზრით, ოთხეული მმართველი გუნდის პოზიციას ახმოვანებს, ეს წერილი კი მიუთითებს იმაზე, რომ ამერიკის საელჩოს რეკომენდაციები გათვალისწინებული არ იქნება:

"მკაფიოდ განაცხადა, რომ არ აპირებს არცერთი პუნქტის შესრულებას და პრინციპში უკვე ჩანს, როგორ შენიღბავს ამ ყველაფერს. არცერთი რეკომენდაციის გათვალისწინებს, პირდაპირ იძახის, რომ სასამართლო სისტემაში პირდაპირ ხელის შეშლა და ჩარევა ხდებაო, თქვენი რეკომენდაციებითო. შესაბამისად, შენიღბავს ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორის რეკომენდაციით დამოუკიდებელ ვითომ სასამართლოში ჩარევის მცდელობად,"- აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის” საორგანიზაციო მდივანი" ბაჩო დოლიძე. 

პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” საგარეო ურთიერთობათა მდივანი გრიგოლ გეგელია კი აცხადებს, რომ "ქართული ოცნებიდან" გასული დეპუტატების ოთხეული, კონკრეტულად ანტიამერიკული მიზნებისთვის შექმნილი ჯგუფია.

"ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ არავითარი დამოუკიდებელი ტრიო თუ კვარტეტი არ არსებობს. არიან კონკრეტულად და სპეციფიკურად ანტიამერიკული მიზნებით შექმნილი პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც კიდევ ერთხელ ესხმის თავს აშშ-ის საელჩოს, კელი დეგნანს და რა თქმა უნდა რეფორმის პოტენციალს ამ ქვეყანაში. თუ ვინმეს აქვს უფლება, რომ ჰქონდეს თავისი აზრი და მოგვცეს რეკომენდაციები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შევცვალოთ მართლმსაჯულების სისტემა საუკეთესო შედეგების მისაღწევად,  ეს რა თქმა უნდა არის ამერიკის შეერთებული შტატები," - აცხადებს გეგელია.

დღის ამბები