27 ნოემბერი 2024,   08:44
ვრცლად
ერევნის ცენტრში აფეთქების შემდეგ სამაშველო სამუშაოები უკვე 33 საათია გრძელდება - ნანგრევებში 17-ზე მეტ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ

სამაშველო ოპერაცია ერევანში უკვე 33 საათია მიმდინარეობს, მაშველები ნანგრევებში 17 ადამიანს ეძებენ. მსხვერპლი 7-მდე გაიზრდა, დაშავებულების რაოდენობა 60-ზე მეტია. კლინიკაში კი, 40-მდე პაციენტი რჩება.

ორი ძლიერი აფეთქება, შემდეგ დაკვამლიანება და ხანძარი სურმალუს სავაჭრო ცენტრში, პიროტექნიკის საწყობში მოხდა. ცეცხლმოკიდებული შენობის ნაწილი ჩამოინგრა, დარჩენილი კონსტრუქციის ჩამონგრევის და განმეორებითი აფეთქების საფრთხე კი ამ დრომდე არსებობს. სწორედ ეს საფრთხე ართულებს მეხანძრე-მაშველებისთვის ცეცხლის ლიკვიდაციის სამუშაოებს.

სავაჭრო ცენტრის აფეთქების შედეგად დაზიანდა მიმდებარე შენობები და ავტომობილები. განადგურებულია ასობით მაღაზია. ზარალი დიდია, მაგრამ მისი დათვლა ჯერ შეუძლებელია. მომხდარის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია, სავარაუდო მიზეზად კი პიროტექტინის შენახვის წესების დარღვევას ასახელებენ.

შემთხვევის ადგილზე დღეს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და ერევნის მერი ჰრაჩია სარქსიანი მივიდნენ.

ცნობილია, რომ აფეთქებისას სავაჭრო ცენტრში საქართველოს მოქალაქეები არ იმყოფებოდნენ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმრის წერილს აქვეყნებს. დიპლომატიური უწყება "ტვიტერის" გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში სომხეთს სოლიდარობას უცხადებს.

დღის ამბები