27 ნოემბერი 2024,   08:57
ვრცლად
სერიალი "მხევლის წიგნი" ეკრანს ახალი, მეხუთე სეზონით უბრუნდება

სამყარო, სადაც ქალებს ეკრძალებათ მუშაობა, საკუთრების ფლობა, სიყვარული, ოჯახის შექმნა, ქუჩაში სიარული. ეკრძალებათ, გამოიყურებოდნენ ისე, როგორც თავად სურთ, ისაუბრონ და მოიქცნენ ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლიან. სამყარო, სადაც ქალები უმცირესობაში არიან და მხოლოდ მამაკაცების დადგენილ, მათთვის მკაცრად განსაზღვრულ ფუნქციებს ასრულებენ, ეს ყველაფერი კი ღმერთისა და რელიგიის სახელით ხდება. სწორედ ასეთი შემზარავია სამყარო ქალებისთვის, მარგარეტ ეტვუდის "მხევლის წიგნში". სერიალმა ოთხი წარმატებული სეზონი მაყურებელს უკვე აჩვენა.

მეოთხე სეზონი უოტერფორდის მკვლელობით დასრულდა. ახალ, მეხუთე სეზონში კი ჯუნი მეთაურის სიკვდილის შედეგებს იმკის. შემოქმედებითი ჯგუფი მაყურებელს ბევრ დეტალს არ ანდობს. თუმცა, "მხევლის წიგნი" გულშემატკივარს საკმაოდ დაძაბულ სანახაობას პირდება. ამ სეზონის მთავარი გმირები ჯუნი და სერენა იქნებიან. ისინი ერთმანეთის დასამარცხებლად ნებისმიერ გზას გამოიყენებენ.

მწერალი საკუთარი წიგნის წერაში და რომანის ეკრანიზაციაში თანაბრად ჩართულია. ამას კი "მხევლის წიგნის" პროდიუსერი, ბრიუს მილერი სერიალის წარმატების ერთ-ერთ ნაწილად მიიჩნევს.

მარგარეტ ეტვუდის რომანის ეკრანიზაცია, ემის ჯილდოს მფლობელი სერიალია. მაყურებლებმა "მხევლის წიგნის" ეკრანიზაცია, პირველად 2017 წელს იხილა და ის უამრავი ადამიანის საყვარელ სერიალად იქცა. "მხევლის წიგნის" გულშემატკივრები, მეხუთე სეზონის პრემიერას Hulu-ს სატელევიზო პლატფორმაზე 14 სექტემბერს იხილავენ. ახალ სეზონში კი მაყურებელს 10, დაძაბული და საინტერესო სერია ელოდება.

 

დღის ამბები