27 ნოემბერი 2024,   08:56
ვრცლად
თალიბების არაღიარებული მმართველობა ავღანეთში და შემზარავი რეალობა, რომელიც რადიკალურმა დაჯგუფებამ ქვეყანაში შექმნა

თალიბების არაღიარებული მმართველობა ავღანეთში და შემზარავი რეალობა, რომელიც რადიკალურმა დაჯგუფებამ ქვეყანაში შექმნა. ერთი წლის წინ, სასწავლო დაწესებულებებში ნათქვამი ფრაზა "ჩვენ აღარასდროს შევხვდებით"- რეალობად მალევე იქცა.

სწავლის, ჯანდაცვის, დასაქმებისა და გადადგილებისაც კი- ქალებს, რომლებიც ბურკის მიღმა აღმოჩნდნენ, უფლებები ჩამოერთვათ. უუფლებოდ დარჩენილი მდედრობითი სქესის ფონზე, მამაკაცთა როლი კიდევ უფრო გაიზარდა, თუმცა არც მათი ყოველდღიურობაა მარტივი, ეს მაშინ, როცა მსოფლიოში ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანა ახალი მმართველობის პირობებში ეკონომიკური კრიზისის შედეგებს იმკის.
ოჯახების 95% საკვები არ ჰყოფნის, მილიონობით ბავშვს შიმშილით სიკვდილი ემუქრება.

ავღანეთში საზოგადოების უჩინარი ნაწილი ქალები და გოგონებია, რომლებსაც თალიბანის მმართველობის 1 წლიან პერიოდში უფლებები ჩამოერთვათ. გასული აგვისტოდან მოყოლებული, ქვეყანაში გაზრდილია ორსულთა და ჩვილ ბავშვთა გარდაცვალების ფაქტები. ქალთა უფლებების მუდმივი შეზღუდვა ახლა მათი ცხოვრების თითოეულ ასპექტზე აისახება. მდედრობითი სქესის წარმომადგენლები მამაკაცთა საკუთრებად იქცნენ. მამაკაცის თანხლების გარეშე, გარეთ გასვლაც კი ეკრძალებათ. 12 წლის ზემოთ ასაკის გოგონებს აღარავინ ასწავლის. არიან დასაქმებულებიც, მაგრამ მხოლოდ სასწავლო დაწესებულებებსა და ჯანდაცვის სფეროში, ისიც საჭიროებისამებრ. თალიბების განმარტებით, ქალის ხმას მათი ოჯახის წევრი მამაკაცები წარმოადგენენ.

კიდევ ერთი გამოწვევა უსაფრთხოების საკითხებია- ავღანეთი შესაძლოა მალე კვლავ გახდეს თავშესაფარი ტრანსნაციონალური ტერორისტული ჯგუფებისა და ძალადობრივი ექსტრემისტული ორგანიზაციებისთვის. ექსპერტები შიშობენ, რომ ავღანეთში ჯიჰადისტურმა ჯგუფებმა შესაძლოა დროთა განმავლობაში განავითარონ შესაძლებლობები და ამისთვის რადიკალურ დაჯგუფებებს დაახლოებით 2 წელი დასჭირდებათ. ამერიკული დაზვერვის ინფორმაციით, ტერორისტული ჯგუფები უკვე აშენებენ სასწავლო ბანაკებს.

ტერორისტული თავდასხმების გარდა, საზოგადოებას თალიბების მხრიდან ანგარიშსწორებაც აშინებთ.

მთელი წლის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, იმ პირთა მკვლელობების, გატაცებისა და გაუჩინარების შესახებ, რომლებიც ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში მსახურობდნენ, ან ნატოს თავდაცვის ძალებთან რაიმე აკავშირებდათ, გადარჩენილები ახლაც იმალებიან.

თალიბებმა ქაბული 2021 წლის 15 აგვისტოს დაიკავეს. მათ დედაქალაქის ძალით აღებისგან თავი შეიკავეს, რადგან საერთაშორისო აღიარების მოპოვება სურდათ. რადიკალური დაჯგუფების მმართველობის 1 წლისთავზე, თალიბანის მმართველობა ჯერ არცერთ ქვეყანას არ უღიარებია.

ავტორი: თიკო ცერცვაძე, თამუნა ხონელიძე.

დღის ამბები