"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ სახალხო დამცველის კანდიდატურებთან დაკავშირებით კონსულტაციები ჯერ არ გამართულა. აღნიშნული განცხადება მმართველი პარტიის წევრმა გია ცაგარეიშვილმა გახარიას პარტიის მიერ ომბუდსმენის კანდიდატურაზე სოფიო ხორგუანის შესაძლო წარდგენის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გააკეთა. გია ცაგარეიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ სახალხო დამცველის ასარჩევად ძალიან მნიშვნელოვანია პროცესში ოპოზიციის მონაწილეობა:
"ამ კანდიდატურის და ასევე სხვა კანდიდატურების განხილვა ჯერჯერობით უმრავლესობაში და ფრაქციაში არ ყოფილა. ბევრი ვერსია იქნება გაჟღერებული, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, იქამდე 4 თვეა დარჩენილი.
ჩვენ, ოპოზიციის ჩართულობის გარეშე, სახალხო დამცველს, რა თქმა უნდა, ვერ ავირჩევთ. ამჟამად ჩვენ გვაქვს 80 ხმა, გვჭირდება ოპოზიციის ხმები. 90 ხმაა საჭირო სახალხო დამცველის ასარჩევად. აქედან გამომდინარე კონსულტაციები ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან დაიწყება, მე ვფიქრობ, 2 თვის თავზე," - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.